"დანებების უფლება არ გვაქვს" - კარა-მურზამ პროცესზე ნავალნიზე ისაუბრა და რუს ხალხს მიმართა

"დანებების უფლება არ გვაქვს" - კარა-მურზამ პროცესზე ნავალნიზე ისაუბრა და რუს ხალხს მიმართა

პატიმრობაში მყოფმა რუსმა ოპოზიციონერმა აქტივისტმა და კრემლის კრიტიკოსმა ვლადიმირ კარა-მურზამ სასამართლო პროცესზე რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის დაღუპვაზე ისაუბრა და რუს ხალხს მიმართა.

დღეს რუსეთში ვლადიმირ კარა-მურზას პროცესი მიმდინარეობს. საქმე ეხება კრემლის კრიტიკოსის საჩივარს. ის რუსეთის საგამოძიებო კომიტეტს უმოქმედობაში ადანაშაულებს 2015 და 2017 წელს მისი მოწამვლის საქმეებთან დაკავშირებით.

აღსანიშნავია, რომ სასამართლო პროცესი არაერთხელ გადაიდო იმის გამო, რომ საგამოძიებო კომიტეტმა მოთხოვნილი დოკუმენტაცია არ წარადგინა. სასამართლოს მოსმენის წინ ვლადიმირ კარა-მურზა სიტყვით გამოვიდა.

"ძალიან ბევრი იმედგაცრუებაა, ძალიან ბევრი სასოწარკვეთაა, რაც ადამიანურად გასაგებია. მთელი კვირაა თავად ბურანში ვარ. ჯერ კიდევ ვერც გონებით, ვერც ემოციურად აღვიქვამ, რა მოხდა, მაგრამ თუ იმედგაცრუებას დავნებდებით და სასოწარკვეთას მივეცემით, ეს სწორედ ის არის, რაც მათ უნდათ. ამის უფლება არ გვაქვს. პირველ რიგში, ჩვენს დაღუპულ მეგობრებთან ვართ ვალში, რომ გავაგრძელოთ მუშაობა მეტი ძალით და მივაღწიოთ იმას, რასაც თავი შესწირეს, რომ რუსეთი გახდეს ნორმალური, თავისუფალი, ევროპული ქვეყანა - ეჭვი არ მეპარება, რომ ასე იქნება. მომავალს ვერ შეაჩერებენ", - თქვა ვლადიმირ კარა-მურზამ.

რუს ოპოზიციონერ აქტივისტს, კრემლის კრიტიკოსს ვლადიმირ კარა-მურზას 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა სახელმწიფოს ღალატისა და სხვა ბრალდებებისთვის, რომლებიც რუსეთის მიერ უკრაინაში წამოწყებული ომის კრიტიკას უკავშირდება.

კარა-მურზა 2022 წლის 11 აპრილს, საკუთარ სახლთან დააკავეს. დაკავების მიზეზად პოლიციამ განაცხადა, რომ პოლიტიკოსი „პოლიციის ოფიცრების დანახვისას არასათანადოდ იქცეოდა, იცვლიდა გადაადგილების ტრაექტორიას და [პოლიციის მხრიდან] გაჩერების მოთხოვნის შემდეგ მიმალვა სცადა".

2024 წლის 29 იანვარს კარა-მურზას ცოლმა გაავრცელა მიმართვა და თქვა, რომ მის ქმარს დაატოვებინეს ციმბირის მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების კოლონია, რომელშიც ის სექტემბრიდან იმყოფებოდა და გაურკვეველ ადგილას გადაიყვანეს.

***

16 თებერვალს, რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ალექსეი ნავალნი გამოსასწორებელ კოლონიაში დაიღუპა.

ნავალნი 47 წლის იყო.

რუსეთის სასჯელაღსრულების რეგიონულ სამმართველოში ამტკიცებენ, რომ ყველა საჭირო რეანიმაციული ღონისძიება ჩატარდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს: "გარდაცვალების მიზეზი დგინდება".

კრემლის პროპაგანდისტული RT ირწმუნება, რომ ნავალნის გარდაცვალების მიზეზი შესაძლოა თრომბია.

დეკემბერში ალექსეი ნავალნი განსაკუთრებული რეჟიმის კოლონიაში გადაიყვანეს, რომელიც პოლარული წრის მიღმა მდებარეობს.

ალექსეი ნავალნი 2021 წელს დააკავეს, როდესაც გერმანიიდან რუსეთში დაბრუნდა, სადაც მოწამვლის შემდეგ მკურნალობას გადიოდა. მაშინ ივ როშეს საქმეზე პოლიტიკოსს პირობითი მსჯავრი რეალურით შეუცვალეს.

2022 წელს სასამართლომ ნავალნის 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და ის თაღლითობაში დაადანაშაულა. 2023 წლის აგვისტოს ე.წ. ექსტრემიზმის საქმეზე ნავალნის 19 წელი მიუსაჯეს. თავდაპირველად ნავალნი ვლადიმირის ოლქის ციხეში იმყოფებოდა. გასული წლის დეკემბერში კი მისი ეტაპირება მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოხდა.

ეატპირების პერიოდში ალექსეი ნავალნის თანამოაზრეები და ადვოკატები 20 დღის განმავლობაში ვერ უკავშირდებოდნენ, 25 დეკემბერს კი ცნობილი გახდა, რომ ახალ ციხეში გადაიყვანეს.

3 კოლონიაში, რომელსაც "პოლარულ მგელსაც" უწოდებენ და სადაც ახლა ნავალნი იყო მოთავსებული, იმყოფებოდნენ YUKOS-ის ერთ-ერთი თანამფლობელი პლატონ ლებედევი, ასევე უკრაინელი რეჟისორი და აქტივისტი ოლეგ სენცოვი.

აღნიშნულ ციხეში პირობები საკმაოდ მკაცრია, მისვლაც საკმაოდ რთულია და წერილების მიწოდებაც გართულებულია.