ატლანტის ოკეანეში ფართომასშტაბიანი სამძებრო სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. წყალქვეშა ნავს, რომელსაც ტურისტები ტიტანიკის ნამსხვრევების სანახავად ოკეანის სიღრმეში ჩაჰყავდა, მეოთხე დღეა უშედეგოდ ეძებენ.
სამძებრო პროცესში ჩართული ორგანოების ცნობით, სამაშველო ოპერაცია ახლა კრიტიკულ ეტაპზეა და ნავზე დარჩენილი ჟანგბადის რაოდენობა რამდენიმე საათში ამოიწურება.
აშშ-ის სანაპირო დაცვის განცხადებით, დაკარგული ტურისტული წყალქვეშა აპარატის ძებნისას კანადურმა თვითმფრინავმა ჩრდილო ატლანტიკაში ხმები აღმოაჩინა. ხმები როგორც სამშაბათს, ასევე ოთხშაბათს დაფიქსირდა და ჩანაწერს ახლა საზღვაო ძალების სპეციალისტები სწავლობენ.
წყალქვეშა ნავი მცირე ზომისაა, რის გამოც, შიგნით მყოფ ადამიანებს პრაქტიკულად გადაადგილების შესაძლებლობა არ აქვთ და მათი კვების რაციონიც შეზღუდულია. რაც შეეხება ჟანგბადს, ექსპედიციის მონაწილეებისთვის ბორტზე 96 საათის სამყოფი ჟანგბადი ჰქონდათ, რაც სპეციალისტების გათვლით, მოგზაურებს კიდევ 5 საათი უნდა ეყოთ.
სამძებრო ოპერაციაში სულ უფრო მეტი თვითმფრინავი და გემი ერთვება. ხმების დაფიქსირება ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა იმ სამაშველო ჯგუფებისთვის, რომლებიც წყალქვეშა აპარატის ძებნის ოპერაციაში არიან ჩართულები.
წყალქვეშა აპარატ "ტიტანის" მასშტაბური სამძებრო სამუშაოები ჩრდილო ატლანტიკის ოკეანეში მიმდინარეობს. ტურისტულ აპარატში სამი მგზავრი და ეკიპაჟის ორი წევრი იმყოფება, ისინი ჩაძირული ლაინერის ტიტანიკის ნარჩენების შესწავლას აპირებდნენ. პოლარ პრინსის კვლევითმა ხომალდმა ბატისკაფის ეკიპაჟთან კონტაქტი კვირას, ჩაყვინთვიდან ერთ საათსა და 45 წუთში დაკარგა. ეს მოხდა ამერიკის სანაპიროდან დაახლოებით 1450 კმ-ში და კანადის კუნძულ ნიუფაუნდლენდიდან დაახლოებით 700 კმ-ში, საიდანაც დაიწყო ექსპედიცია. აშშ-ის სანაპირო დაცვის ინფორმაციით, წყალქვეშა აპარატზე ჟანგბადი სავარაუდოდ ხუთშაბათამდე ეყოფათ.
კომპანია OceanGate-ის განცხადებით, რომელსაც ეკუთვნის დაკარგული აპარატი, განაცხადა, რომ აკეთებს ყველაფერს, რათა გადაარჩინოს ხალხი. სამძებრო სამუშაოებს აშშ-ისა და კანადის სამხედროები ატარებენ, მათ სამოქალაქო მეზღვაურებიც ეხმარებიან.
ბორტზე არიან 59 წლის ბრიტანელი ბიზნესმენი და მოგზაურო ჰემიშ ჰარდინგი, პაკისტანელ-ბრიტანელი ბიზნესმენი შახზადა დავუდი და მისი შვილი სულემანი. ამასთან, ბორტზე იმყოფებიან OceanGate-ის გენერალური დირექტორი სტოკტონ რაში და ყოფილი ფრანგი სამხედრო მყვინთავი და ტიტანიკის მკვლევარი პოლ-ანრი ნარჟოლე, რომელიც მართავს აპარატს.