დააკავეს X2 Development-ის დირექტორი, რომელმაც ქალზე იძალადა

დააკავეს X2 Development-ის დირექტორი, რომელმაც ქალზე იძალადა

დააკავეს სამშენებლო კომპანია X2 Development-ის დირექტორი და მთავარი მეწილე ვალერიან კირკიტაძე, რომელმაც ქალს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ფორმულას უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

ძალადობის ამსახველი ვიდეო Facebook-ზე სოფია მეფარიშვილმა გაავრცელა. მისი თქმით, კომპანიის აშენებულ კორპუსში ლიფტით დედასთან ერთად მგზავრობდა, რა დროსაც ლიფტი მოწყდა და ორი სართულით ქვევით ჩავარდა. მეფარიშვილი ამბობს, რომ კომპანიის ოფისში ამის გასარკვევად მივიდა, მასზე კი დირექტორმა იძალადა.

კომპანია X2 Development-ის განცხადებით, ძალადობას ემიჯნებიან და გმობენ. მათი თქმით, გამოძიებასთან თანამშრომლობენ და ყველა ვიდეომასალა, რომელიც ძალადობას ასახავს, გამოძიებას მიაწოდეს.

მათი მტკიცებით, "ინციდენტს წინ უძღოდა სოფია მეფარიშვილის მიერ X2-ის თანამშრომელ გოგოზე თავდასხმა და ფიზიკური შეურაცხყოფა".

"ამის გამო, ჩვენს თანამშრომელს დასჭირდა სამედიცინო დახმარება და გამოძახებული იქნა სასწრაფო და საპატრულო ეკიპაჟი, შედგა ინციდენტის ამსახველი ოქმი და დაიწყო გამოძიება. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, სოფია მეფარიშვილის მიერ ადგილი ჰქონდა მიზანმიმართულ პროვოკაციულ ქმედებებს და ჩვენი კომპანიის იმიჯის, რეპუტაციისა და ქონების შელახვას", - ნათქვამია განცხადებაში.