"ჩემი ხმა": იდენტიფიცირებულია 196 უბანი, სადაც დარღვევებს სისტემატური ხასიათი ჰქონდა

"ჩემი ხმა": იდენტიფიცირებულია 196 უბანი, სადაც დარღვევებს სისტემატური ხასიათი ჰქონდა

სადამკვირვებლო მისია "ჩემი ხმა" განცხადებას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც მათ დაკვირვების ქვეშ მყოფი უბნებიდან მიღებული ინფორმაციის საბოლოო და ყოვლისმომცველი ანალიზი დაასრულეს.

შედეგად, დადგინდა, რომ, დაკვირვების ქვეშ მყოფი 1131 უბნიდან:

  • დამკვირვებელს ხელი შეშალა დაკვირვებაში - 160 საარჩევნო უბანზე

  • მარკირება არ შემოწმებულა - 191 საარჩევნო უბანზე

  • მარკირება არ კეთდებოდა - 153 საარჩევნო უბანზე

  • ხმის მიცემის ფარულობა დაირღვა - 365 უბანზე

  • ფიზიკური დაპირისპირება/ძალადობა/ზეწოლა დაფიქსირდა - 85 უბანზე

  • არაუფლებამოსილი პირები უბანზე ან უბნის მიმდებარედ იმყოფებოდნენ - 259 საარჩევნო უბანზე.

"ამასთანავე, მონაცემთა ანალიზის საფუძველზე იდენტიფიცირებულია 196 უბანი, ანუ ჩვენ მიერ დაკვირვებული უბნების 17%, სადაც დარღვევებს ჰქონდა განმეორებითი, განგრძობითი და რიგ შემთხვევაში სისტემატური ხასიათი", - ვკითხულობთ განცხადებაში.

ამასთან, "ჩემი ხმა" აღნიშნავს, რომ მრავალ პრობლემატურ უბანზე დამკვირვებლებმა ვერ შეძლეს მთელი დღის განმავლობაში დაკვირვება, ვინაიდან საარჩევნო ადმინისტრაცია და უბანზე მობილიზებული არაუფლებამოსილი პირები მათ ძალის გამოყენებით უკანონოდ აძევებდნენ.

სადამკვირვებლო მისიამ 29 საარჩევნო ოლქში 246 საარჩევნო უბნის შედეგების ბათილობის მოთხოვნით საჩივრები შეიტანა, სადაც რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა 417 305-ს შეადგენს. გუშინ, საოლქო საარჩევნო კომისიებმა უბნების ბათილობის მოთხოვნით წარდგენილი არც ერთი საჩივარი არ დააკმაყოფილა.

როგორც ცნობილია, "ჩემი ხმა" საოლქო საარჩევნო კომისიების გადაწყვეტილებებს სასამართლოებში გაასაჩივრებს.