მაგნიტსკის აქტის ავტორის, ბილ ბრაუდერის განცხადებით, სანქცირებულ ადამიანს შეუძლია, მიმართოს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს და მოითხოვოს მტკიცებულებები, თუმცა, მისივე თქმით, არ ახსენდება შემთხვევა, როდესაც სახდეპი "მტკიცებულებებს გადასცემს პოტენციურ კორუმპირებულ რეჟიმს".
ამაზე მან ფორმულასთან ინტერვიუში ისაუბრა.
"როგორც წესი, თითოეული ადამიანი, რომელსაც დაუწესდა სანქციები, ამის გამო ძალიან ღელავს და პირველს, რასაც ისინი აკეთებენ, როცა ნერვიულობენ, არის ის, რომ ქირაობენ იურიდიულ ფირმებს, რათა დაეხმარონ მათ ამ პრობლემის შემსუბუქებაში. შემდეგ, იურისტებმა შესაძლოა, წერილით მიმართონ სახელმწიფო დეპარტამენტს და წერილობით მოითხოვონ მტკიცებულებები, თუმცა არ მახსენდება შემთხვევა, როდესაც სახდეპი მტკიცებულებებს გადასცემს პოტენციურ კორუმპირებულ რეჟიმს"- აღნიშნავს ბრაუდერი.
ბრაუდერი სახელმწიფო დეპარტამენტისთვის მტკიცებულებების მოთხოვნას "ფანტაზიას" უწოდებს.
არსებობს შესაძლებლობა, რომ თუ ადამიანი მიიჩნევს, რომ უსამართლოდაა სანქცირებული, მას შეუძლია მიმართოს სასამართლოს აშშ-ში და უჩივლოს აშშ-ის მთავრობას. არასდროს გამიგია, რომ მსგავსი რამ პრაქტიკაში მომხდარიყოს და თუ მაინც, მსგავს შემთხვევას ადგილი ჰქონია, ის არ იქნებოდა წარმატების მომტანი სანქცირებული პირისთვის, თუმცა ჩვენ ვხედავთ წარმატების რამდენიმე შემთხვევას ევროკავშირის დონეზე, როდესაც ადამიანები სასამართლოში აპროტესტებენ სანქციებს, მაგრამ მე არ ვიცი ამის შესახებ შეერთებულ შტატებში და ვფიქრობ, რომ ეს მხოლოდ ფანტაზიაა"- თქვა ბრაუდერმა.
დღეს, 18 სექტემბერს, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა თქვა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ამერიკულ მხარეს მიმართავს, რათა ოთარ ფარცხალაძის სანქცირების შესახებ "მტკიცებულებები გადმოსცენ".
14 სექტემბერს აშშ-მა ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარფარცხალაძეს სანქციები დაუწესა. სახელმწიფო დეპარტამენტში აღნიშნეს, რომ რუსეთს უსაფრთხოების ფედერალური სამსახური ფარცხალაძეს ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის სასარგებლოდ გავლენის მოსახდენად იყენებდა.
18 სექტემბერს, სანქცირებულ ოთარ ფარცხალაძეს მის საკუთრებაში არსებულ საბანკო ანგარიშებზე წვდომა შეეზღუდა - სებ-ის განცხადების თანახმად, ფარცხალაძეს საერთაშორისო ფინანსური სანქციების აღსრულების მექანიზმის გათვალისწინებით, ეზღუდება როგორც სახსრების განკარგვა, ისე ყველა სახის ფინანსური ოპერაციის განხორციელების შესაძლებლობა.
ოთარ ფარცხალაძე საქართველოს გენერალური პროკურორის თანამდებობას 2013 წლის 7 ნოემბრიდან 30 დეკემბრამდე იკავებდა.
ფარცხალაძისთვის სანქციები დაწესებულია უკრაინაში ომის გამო რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ფარგლებში. სახელმწიფო დეპარტამენტის დოკუმენტში ფარცხალაძე "ქართველ-რუს ოლიგარქად" არის მოხსენიებული და წერია, რომ რუსეთის ეკონომიკის მართვის საკონსულტაციო სექტორში საქმიანობს.
სანქციების ქვეშ მოყვა ალექსანდრ ონიშენკო, რომელიც რუსეთის უსაფრთხოების სამსახურის (FSB) ოფიცერია, რომელიც, სავარაუდოდ, ფარცხალაძეს რუსული პასპორტისა და მოქალაქეობის მიღებაში დაეხმარა.