პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ამერიკულ მხარეს მიმართავს, რათა ოთარ ფარცხალაძის სანქცირების შესახებ "მტკიცებულებები გადმოსცენ". ის იმეორებს ქართული ოცნების სხვა წარმომადგენლების განცხადებას, რომ ფარცხალაძეს "ბოლო 10 წელია კავშირი არ აქვს პოლიტიკასთან".
"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, მათ შორის საჯაროდ, რომ მათ დაიწყეს საქმის მოკვლევა. ეს, რა თქმა უნდა, არის მძიმე ბრალდება, და მეორე მხრივ, ეს არის საქართველოს პირველი მოქალაქე, რომელიც ამ ტიპის სანქციაში მოექცა. ამიტომაც, თავისთავად, სუს ამ საკითხზე მუშაობს, მათ შორის მიმართავს ამერიკელ პარტნიორებს, რომ გადმოსცენ მტკიცებულებები, რომლებიც ამ გადაწყვეტილებას უდევს და ჩვენ ვთქვით კიდევაც, რომ ამ პროცესის შესახებ სრულად ინფორმირებული იქნება ქართული საზოგადოება.
ადამიანი, რომელსაც ბოლო 10 წელია არანაირი კავშირი არ აქვს პოლიტიკასთან და საჯარო სამსახურთან, არის კერძო პირი და მეორე, სწორედ იმიტომ, რომ ეს არის მძიმე ბრალდება, ამიტომაც სუს-მა დაიწყო ამ საკითხის მოკვლევა, ამიტომაც არის, რომ მტკიცებულებებზე მიმართავს ამერიკულ მხარეს და ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით გვექნება ღია კომუნიკაცია საზოგადოებასთან", - განაცხადა მან.
14 სექტემბერს აშშ-მა ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარფარცხალაძეს სანქციები დაუწესა. სახელმწიფო დეპარტამენტში აღნიშნეს, რომ რუსეთს უსაფრთხოების ფედერალური სამსახური ფარცხალაძეს ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის სასარგებლოდ გავლენის მოსახდენად იყენებდა.
ოთარ ფარცხალაძე საქართველოს გენერალური პროკურორის თანამდებობას 2013 წლის 7 ნოემბრიდან 30 დეკემბრამდე იკავებდა.
ფარცხალაძისთვის სანქციები დაწესებულია უკრაინაში ომის გამო რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ფარგლებში. სახელმწიფო დეპარტამენტის დოკუმენტში ფარცხალაძე "ქართველ-რუს ოლიგარქად" არის მოხსენიებული და წერია, რომ რუსეთის ეკონომიკის მართვის საკონსულტაციო სექტორში საქმიანობს.
სანქციების ქვეშ მოყვა ალექსანდრ ონიშენკო, რომელიც რუსეთის უსაფრთხოების სამსახურის (FSB) ოფიცერია, რომელიც, სავარაუდოდ, ფარცხალაძეს რუსული პასპორტისა და მოქალაქეობის მიღებაში დაეხმარა.