ევროკავშირის საგარეო უწყება "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს შემაშფოთებელს უწოდებს. საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის პრესსპიკერი განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა და შენარჩუნება და ასევე მედიის თავისუფლების უზრუნველყოფა დემოკრატიის საფუძველს წარმოადგენს, რაც ევროკავშირში გაწევრიანების პროცესისთვის არსებითია და 12-პუნქტიანი რეკომენდაციის ნაწილიცაა.
"ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ძალისხმევას რეფორმების განხორციელების კუთხით, რაც ეხმაურება ქვეყნის მისწრაფებებს განვითარებასა და ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, როგორც ეს საქართველოს კონსტიტუციაში არის გაცხადებული.
კანონპროექტის მიღება შეუთავსებელი იქნება ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთან.
მოვუწოდებთ საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს მიიღონ და განახორციელონ რეფორმები, რომლებიც შეესაბამება ევროკავშირში გაწევრიანების გაცხადებულ მიზანს, რომელსაც საქართველოს მოქალაქეების დიდი უმრავლესობა უჭერს მხარს", - ვკითხულობთ განცხადებაში.