საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი მარცვლეულის შეთანხმებიდან რუსეთის გასვლას ეხმაურება. ბორელის თქმით, ეს მსოფლიოში უზარმაზარ სასურსათო კრიზისს გამოიწვევს.
"რაც უკვე ვიცით არის ის, რომ ეს გამოიწვევს მსოფლიოში უზარმაზარ სასურსათო კრიზისს", - აცხადებს ბორელი.
ამასთან, ბორელი ამბობს, რომ რუსეთი უკრაინის ქალაქ ოდესაში მარცვლეულის შემნახველ ობიექტს განზრახ დაესხა თავს და მისი თქმით, ეს უფრო გაამძაფრებს სასურსათო კრიზისს.
17 ივლისს რუსეთის ხელისუფლებამ მარცვლეულის შეთანხმების დატოვების შესახებ განაცხადა. კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა თქვა, რომ შეთანხმების ნაწილი, რომელიც რუსეთს ეხება, "ამ დრომდე არ შესრულებულა".
ამის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ კიევს შეუძლია მარცვლეულის მიწოდება შავი ზღვის დერეფნის გავლით გააგრძელოს. კრემლმა უპასუხა, რომ მხარეებმა, რომლებიც ცდილობენ გააგრძელონ მარცვლეულის შეთანხმების განხორციელება რუსეთის მონაწილეობის გარეშე, უნდა გაითვალისწინონ ის რისკები, რომლებიც დაკავშირებულია იმასთან, რომ უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის მარშრუტი საბრძოლო ზონის მახლობლად გადის.
19 ივლისს რუსეთის მხრიდან ოდესაზე თავდასხმის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, ოდესაზე თავდასხმისას რუსი სამხედროები მიზანმიმართულად უმიზნებდნენ შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმებასთან დაკავშირებულ ინფრასტრუქტურას.