ბოკუჩავა: აპარატებთან იყო კამერა, რომელიც ბიულეტენის უკან მარკერის კვალს აფიქსირებდა

ბოკუჩავა: აპარატებთან იყო კამერა, რომელიც ბიულეტენის უკან მარკერის კვალს აფიქსირებდა

ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ ბრიფინგზე საარჩევნო დარღვევებზე საუბრისას რამდენიმე მაგალითი დაასახელა, რომლითაც მისი თქმით, ქართულმა ოცნებამ არჩევნები გააყალბა.

"დამატებით დამამძიმებელ გარემოებად გვევლინება ფაქტი, რომ ხმის მიცემის აპარატების აბსოლუტურ უმრავლესობასთან დამონტაჟებული იყო კამერა, რომელიც ძალიან მარტივად აფიქსირებდა საარჩევნო ბიულეტენის უკანა მხარეს გამოჟონილი მარკერის სავსებით ხილვად კვალს. კიდევ ერთ დამამძიმებელ გარემოებად ფიქსირდება ფაქტი, რომ უშუალოდ ელექტრონული ხმის მიცემის აპარატთან იდგა საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ დანიშნული უბნის, ქართული ოცნების კომისიის წევრი, რომელიც ვიდეო თვალთვალთან ერთად, მანუალურად აფიქსირებდა და აკონტროლებდა ამომრჩევლის არჩევანს.

აღნიშნულს განსაკუთრებით აადვილებდა საარჩევნო სუბიექტების ნუმერაცია. ზეწოლის ქვეშ გაკეთებული სახელისუფლებო არჩევანის დაფიქსირება აპარატთან მდგომი ქართული ოცნების კომისიის წევრის მიერ იყო უკიდურესად მარტივი, რადგან ბიულეტენის აპარატში მოთავსებისას და ამას დაადასტურებს ყველა ადამიანი, ვინც ელექტრონული წესით მიიღო არჩევნებში მონაწილეობა, ცხადად ჩანდა ბიულეტენის ქვედა ნაწილში მარკერის სრულიად ხილვადი კვალი, მაშინ როცა ბარიერ გადალახული ყველა სხვა საარჩევნო სუბიექტის ნომერი იყო ბიულეტენის ან შუა, ან ზედა ნაწილში, საარჩევნო სუბიექტების ნუმერაციიდან გამომდინარე, რომლებმაც გადალახეს ბარიერი და რომელზეც აკეთებდნენ არჩევანს ამომრჩეველთა უმრავლესობა", - თქვა თინა ბოკუჩავამ.

თინა ბოკუჩავა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გიორგი კალანდარიშვილის განცხადებასაც გამოეხმაურა, რომელიც გუშინ რუსთავი 2-ის ეთერშიც ირწმუნებოდა, რომ არჩევნების დღეს მოქალაქეების ხმის ფარულობა არ დარღვეულა.

"ჩატარებული რუსული სპეცოპერაციის მთავარმა თანამონაწილემ, ცესკოს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა გუშინ აღიარა, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებზე დარღვეული იყო საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული ფარულობის პრინციპი. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ერთიანობა - ნაციონალურმა მოძრაობამ 29 ოქტომბერს მიმართა ცესკოს არჩევნების შედეგების გაუქმების მოთხოვნით ყველა უბანზე, მათ შორის ყველა უბანზე, სადაც არჩევნები ჩატარდა ელექტრონული წესით, რადგან დარღვეულია ფარულობის პრინციპი, ეს არის საჩივარი, რომლითაც ცესკოს მივმართეთ. ანალოგიური მოთხოვნით მიმართა ცესკო-ს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ. ჩვენს სარჩელებს ცესკო ეხმაურება კომიკური Facebook პოსტით, სადაც საარჩევნო ბიულეტენის გრამებში ასახულ წონით მოცულობას ასახელებს და ამით ცდილობს თავის გამართლებას.

მინდა მივმართო ბატონ გიორგი კალანდარიშვილს, ცესკოს თავმჯდომარეს, რამდენი გრამიც არ უნდა ყოფილიყო საარჩევნო ბიულეტენი, უტყუარი და დადასტურებული ფაქტია, რომ ყველა ბიულეტენზე ტოტალურად ხილვადი იყო ამომრჩევლის მიერ გაკეთებული არჩევანი და შესაბამისად, დარღვეული იყო უმთავრესი კონსტიტუციური უფლება ფარულობის პრინციპის სახით, რაც ითვალისწინებს ერთადერთ სამართლებრივ შედეგს - არჩევნების შედეგების გაუქმებას და ხელახალი არჩევნების ჩანიშვნას", - თქვა მან.

არჩევნების შემდეგ არაერთი მომხმარებლის მიერ გავრცელდა ფოტოები, სადაც ჩანს, რომ ხმის მიცემის შემდეგ მარკერი ბიულეტენის მეორე მხარეს კვალს ტოვებდა, რითაც ხმის მიცემის ფარულობა ირღვეოდა. ამაზე საუბრობენ არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიციური პარტიებიც.

ცესკო ირწმუნება, რომ ქაღალდი, რომელზეც მოქალაქეები პარტიებს აფერადებდნენ, უფრო სქელია, ვიდრე რეკომენდებული იყო.

30 ოქტომბერს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში განაცხადეს, რომ ცესკო-ს 17 სექტემბერს მიმართეს წერილით, სადაც მათ შორის, ბიულეტენის ხარისხზე მიუთითეს და თქვეს, რომ უნდა მიღებულიყო ზომები პრობლემის აღმოსაფხვრელად. საია-ს თანახმად, პასუხად ცესკო-ში უთხრეს, რომ სასწავლო ეტაპზე სატესტო ვერსიის ბიულეტენს იყენებდნენ, არჩევნების დღეს კი ფარულობა იქნებოდა უზრუნველყოფილი.

"ბიულეტენების სისქე არ იძლეოდა იმის შესაძლებლობას, რომ უკანა მხარეს [მარკერს] არ დაეტოვებინა შესაბამისი კვალი. ეს არღვევდა ფარულობას მასშტაბურად და შესაბამისად ამომრჩეველს არ ეძლეოდა შესაძლებლობა, საკუთარი ხმა ფარულად დაეფიქსირებინა" - აცხადებენ საიაში.