ბოკუჩავა: EU-ში განიხილება ინდივიდუალური სანქციები და უვიზო მიმოსვლის დროებითი შეჩერება

ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს ძალიან კარგად ესმით, რომ გაყალბების მასშტაბი იყო ძალიან დიდი, სწორედ ამიტომ არ არის საერთაშორისო აღიარება ამ არჩევნების, ლეგიტიმაცია არ აქვს და ვერც ექნება ამ არჩევნებს, სადაც მოხდა ქართველი ხალხის თავისუფალი ნების უგულებელყოფა, შესაბამისად, რა თქმა უნდა, ისინიც მიიჩნევენ, რომ მნიშვნელოვანია მოხდეს სრულფასოვანი და დამოუკიდებელი გამოძიება, რაც შეუძლებელია ქართული პროკურატურის და საგამოძიებო უწყებების პირობებში. განვიხილეთ სხვადასხვა ტიპის მექანიზმები, რომელიც შესაძლებელია ამოქმედდეს და სხვადასხვა საფუძვლები ამ მექანიზმის შექმნისთვის, იქნება ეს ევროპარლამენტი თუ ევროკომისია. ბუნებრივია ეს არის განხილვის საგანი, თუმცა ვთანხმდებით, რომ ძალიან მნიშვნელოვანია დამოუკიდებელი გამოძიება, რომელსაც მხოლოდ და მხოლოდ საერთაშორისო კომპონენტი შეიძლება ჰქონდეს.

ვისაუბრეთ ასევე იმაზე, რომ ევროკავშირში აქტიურად განიხილება სხვა მექანიზმების ამოქმედება, როგორიც არის ინდივიდუალური სანქციები ივანიშვილის და მისი გარემოცვის წინააღმდეგ. სამწუხაროდ, ასევე იცით, რომ განხილვის საგანია უვიზო მიმოსვლის დროებითი შეჩერება, ეს ბუნებრივია არ არის უვიზო მიმოსვლის გაუქმება, არამედ დროებით შეჩერება შეიძლება მიიღონ ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა, რადგან ისინი ხედავენ, რომ ივანიშვილის ხელისუფლებამ ბოლომდე გადაუხვია ევროკავშირის გზას. იცით, რომ მოთხოვნებში ევროკავშირისგან ერთ-ერთი იყო სწორედ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები და ჩვენ ვნახეთ, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებზე ტოტალურად იყო დარღვეული თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების პრინციპი.

განაცხადა ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ.