აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, ჩინეთი პირობას დებს, რომ რუსეთს იარაღს არ მიაწვდის.
ბლინკენის თქმით, ჩინეთისგან მსგავსი გარანტიის მიღება დასაფასებელია და ჯერჯერობით არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომელიც ჩინეთის მხრიდან გაკეთებულ განცხადებას ეწინააღმდეგება.
"თუმცა, ჩვენ ვღელავთ ჩინურ ფირმებზე - კომპანიებზე, რომლებიც, შესაძლოა, რუსეთს აწვდიდნენ ტექნოლოგიას, რომელიც რუსეთს შეუძლია გამოიყენოს უკრაინაში მისი აგრესიის წინსვლისთვის. ამიტომ, ჩვენ ვთხოვეთ ჩინეთის მთავრობას, რომ ძალიან ფხიზლად იყვნენ ამ საკითხთან დაკავშირებით", - თქვა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.
ბლინკენი ჩინეთში გუშინ ჩავიდა, დღეს კი ქვეყნის პრეზიდენტ სი ძინპინს შეხვდა. მედიის ინფორმაციით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მოლაპარაკება სხვა მაღალჩინოსნებთანაც გამართა.