ქართული ოცნების წევრი, ირაკლი ბერაია შეურაცხმყოფელი გამოსვლის შემდეგ აცხადებს, რომ "ბოდიშს იხდის", თუმცა აქვე საუბრობს "წითელ ხაზებზე", რომელსაც არ შეეგუებიან. ამასთან, ის თავისი გამოსვლის გამართლებას იმით ცდილობს, რომ ის აქუბარდიას განცხადებების "სიმძიმიდან გამომდინარეობდა".
"ჩვენთვის ყოველთვის ძალიან მტკივნეულია იმის მოსმენა, როცა მმართველ გუნდს, მე, ჩვენს კოლეგებს დებენ ბრალს უაპელაციოდ, უსამართლოდ და უღირსად რუსეთის ინტერესების გატარებაში და მით უმეტეს, როდესაც ამას აქვს სისტემატური ხასიათი. ჩვენთვის ეს არის წითელი ხაზი, რომელსაც ბუნებრივია, არასდროს არ შევეგუებით, იმიტომ, რომ ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რას ვაკეთებთ თითოეული ჩვენგანი ამ ქვეყნის ეროვნული ინტერესების გაღრმავებისთვის [...]
და როდესაც სამარცხვინოდ და უაპელაციოდ ხდება ჩვენი დადანაშაულება ეროვნული ინტერესების ხელყოფაში და კრემლთან კავშირში და კრემლის ინტერესების გატარებაში, რა თქმა უნდა, ამაზე ყოველთვის გვაქვს მწვავე რეაქცია და ეს გამოსვლაც სწორედ მსგავსი ტიპის განცხადებას გამოხმაურებას ემსახურებოდა. მეორე ნაწილს რაც შეეხება, რა თქმა უნდა, ეს იყო, გულწრფელად ვაღიარებ, ემოციურად გადაჭარბებული, თვითონ იმ განცხადების სიმძიმიდან გამომდინარე, რასაც ვისმენთ მუდმივად - და, რა თქმა უნდა, გულწრფელად ამის გამო, მინდა ბოდიში მოვიხადო", - განაცხადა მან.
დღეს პარლამენტის სხდომაზე ქართული ოცნების წევრებმა ქალ დეპუტატებს შეურაცხყოფა მიაყენეს, მათ შორის ისინი სექსისტურ კონტექსტში მოიხსენიეს. ალუდა ღუდუშაური დაუპირისპირდა ნაციონალური მოძრაობის წევრ ანი წითლიძეს და მას "ბანძი" უწოდა.
რაც შეეხება ირაკლი ბერაიას, ის თავს დაესხა თეონა აქუბარდიას - მისი თქმით, მიზეზი, რის გამოც აქუბარდია მის კომიტეტს აკრიტიკებს, არის ის, რომ მას "მას არ ეძლევა სხვადასხვა პლატფორმების დეზინფორმაციისთვის გამოყენების საშუალება".
აღსანიშნავია, რომ უმრავლესობის წევრების შეურაცხმყოფელი გამოსვლები რეაგირების გარეშე დატოვა პარლამენტის თავმჯდომარემ - შალვა პაპუაშვილმა მათ სიტყვა არ შეაწყვეტინა და არც მოგვიანებით მოუწოდებია, რომ შეურაცხყოფისგან თავი შეეკავებინათ.
ოცნების დეპუტატების მხრიდან შეურაცხყოფას გამოემხაურნენ პარლამენტში ქალი ოპოზიციონერები - ბრიფინგზე ამას "სუს-ის მეთოდები" უწოდეს და აღნიშნეს, რომ მმართველი გუნდი ასე ცდილობს მათ გაჩუმებას.