პარლამენტში ქართული ოცნების წევრების შეურაცხმყოფელი გამოსვლების შემდეგ, ქალმა დეპუტატებმა ერთობლივი ბრიფინგი გამართეს და მათ წინააღმდეგ დაწყებულ შეურაცხმყოფელ კამპანიას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მეთოდები უწოდეს. როგორც თეონა აქუბარდიამ თქვა, მმართველი პარტია ასე ცდილობს მათ გაჩუმებას, თუმცა ამ "ბინძური მეთოდებით" ვერ გააჩერებენ.
"ირაკლი ბერაიამ სუს-ის მეთოდებით დაიწყო ბრძოლა ქალი დეპუტატების წინააღმდეგ. ის, რაც დღეს მან იკადრა, ამას კაცობა არ ჰქვია, სწორედ ამიტომ არის მათი პატარა კაცობა ის, რასაც ისინი ბედავენ ამ პარლამენტში. მაშინ, როდესაც ქართულ ოცნებას არ აქვს პასუხი პუტინთან მთავრობის და ვიცე-პრემიერის სადილზე, მაშინ, როდესაც ქართულ ოცნებას არ აქვს პასუხი ოჩამჩირეში ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის მუდმივ ბაზირებაზე, სამხედრო ფლოტის სახით, სწორედ მაშინ ეწევიან ისინი ქალი დეპუტატების დისკრედიტაციას. მაშინ, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარე დეზინფორმაციული კამპანიის ფლაგმანი ხდება ანტიდასავლური ნარატივებით, სწორედ მაშინ ხდება თავდასხმა იმ ფორმით, რა ფორმითაც დღეს ეს წარმოადგინა ირაკლი ბერაიამ ამ პარლამენტში.
მე კიდევ ერთხელ ვაფრთხილებ როგორც ბერაიას, ასევე, სრულიად ქართულ ოცნებას და კიდევ ერთხელ ვეუბნები სუს-ის იმ წარმომადგენლებს, რომლებსაც ეს მეთოდები აქვთ არჩეული ოპოზიციონერი დეპუტატების დისკრედიტაციისთვის - არ გავჩუმდები და არ გავჩერდები მაშინ, როდესაც საუბარია ჩვენს ოკუპაციაზე, მაშინ როცა პუტინთან თქვენი მთავრობის წევრი სადილს ესწრება და ღირსებაც კი არ უშლის ხელს, რომ ადგეს და გამოვიდეს, ვერ გაგვაჩუმებთ ამ ბინძური მეთოდებით", - განაცხადა აქუბარდიამ.
ბრიფინგზე ისაუბრა ნაციონალური მოძრაობის წევრმა, თინა ბოკუჩავამაც და აღნიშნა, რომ მმართველი პარტიის მხრიდან თავდასხმის სამიზნე ქალი დეპუტატები იმიტომ ხდებიან, რომ ისინი უკომპრომისოდ იბრძვიან ქვეყნის ევროპული მომავლისთვის, რასაც ქართული ოცნება ხედავს.
"ეს არის პარლამენტი, სადაც რიგითი პარლამენტის წევრი, მათ შორის ფიზიკურ ძალადობას არ ერიდებოდა ქალის წინააღმდეგ - შალვა პაპუაშვილი, რომელიც ამ ძალადობრივი ფაქტის შემდეგ დაწინაურდა და გახდა პარლამენტის თავმჯდომარე. ეს არის სწორედ ის სტანდარტი, რომლითაც ხელმძღვანელობს რუსული ოცნება. პირადად შალვა პაპუაშვილი და ქვეყნის არაფორმალური მმართველი, რუსი ოლიგარქი: ფიზიკური და ვერბალური ძალადობა ქალი დეპუტატების წინააღმდეგ.
რატომ? რატომ ვხვდებით მუდმივად ჩვენ განსაკუთრებული სამიზნეები კაცი რუსული ოცნების დეპუტატების მხრიდან? მე, თეონა აქუბარდია, ანა წითლიძე, ასევე, ხათუნა სამნიძე, ანა წითლიძე, თამარ კორძაია, სალომე სამადაშვილი - სწორედ ქალი დეპუტატები ხვდებით ოცნების სამიზნე, იმიტომ, რომ ჩვენ ყველაზე უკომპრომისოდ ვიბრძვით ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის, ამას ხედავს რუსული ოცნება და რუსული მეთოდებით, ბინძურ, დეზინფორმაციის კამპანიით ცდილობს ქალი დეპუტატების დისკრედიტირებას. ეს ყველაფერი მიზნად ისახავს ქალი დეპუტატების გაჩუმებას და გაჩერებას და ჩვენ ვპირდებით რუსული ოცნების კაც დეპუტატებს, ჩვენ მხოლოდ უფრო მეტი ჟინით გავაგრძელებთ ბრძოლას ჩვენი ქვეყნისთვის", - თქვა ბოკუჩავამ.
პარლამენტის სხდომაზე ქართული ოცნების წევრებმა ქალ დეპუტატებს შეურაცხყოფა მიაყენეს, მათ შორის ისინი სექსისტურ კონტექსტში მოიხსენიეს. ალუდა ღუდუშაური დაუპირისპირდა ნაციონალური მოძრაობის წევრ ანი წითლიძეს და მას "ბანძი" უწოდა.
რაც შეეხება ირაკლი ბერაიას, ის თავს დაესხა თეონა აქუბარდიას - მისი თქმით, მიზეზი, რის გამოც აქუბარდია მის კომიტეტს აკრიტიკებს, არის ის, რომ მას "მას არ ეძლევა სხვადასხვა პლატფორმების დეზინფორმაციისთვის გამოყენების საშუალება".
აღსანიშნავია, რომ უმრავლესობის წევრების შეურაცხმყოფელი გამოსვლები რეაგირების გარეშე დატოვა პარლამენტის თავმჯდომარემ - შალვა პაპუაშვილმა მათ სიტყვა არ შეაწყვეტინა და არც მოგვიანებით მოუწოდებია, რომ შეურაცხყოფისგან თავი შეეკავებინათ.