
ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის თავმჯომარის, თინა ბოკუჩავას თქმით, თბილისის აეროპორტში საზღვრის კვეთისას დაბრკოლებები შეუქმნეს.
ამის შესახებ ის Facebook-ზე წერს.
"ვილნიუსში მივფრინავ ევროპის სახალხო პარტიის (EPP) პოლიტიკურ ასამბლეაზე. საზღვარზე გამაჩერეს თბილისის აეროპორტში და არ მიშვებენ. ხანგრძლივი ლოდინის შემდეგ, მამისამართებენ სასაზღვრო დეპარტამენტის სხვა წარმომადგენელთან სხვა ლოკაციაზე, რომელიც ასევე დაყოვნების შემდეგ მიცხადებს: "თქვენ ჯარიმა გაქვთ, იცით, ხო?". ერთი ჯარიმის შესახებ ვიცოდი და მეორეც მქონია, აპრილის თვეში დაწერილი, რომელიც ოქტომბერში გაახსენდა რეჟიმს საზღვარზე, მაშინ როდესაც მხოლოდ ბოლო 2 თვეში 6-7-ჯერ მაინც ვიქნები გასული ქვეყნიდან ივანიშვილის რეჟიმის არაღიარების, დელეგიტიმაციის და სანქცირების მიზნით.
მოკლედ, გამიზნულად ისე მაყოვნებენ, რომ ჩასხდომა დასრულდეს, უკვე საბოლოო გამოცხადების გაფრთხილება ისმის, მოდის პოლიცია, რომელსაც განვუმარტავ, რომ უკანონოდ მიზღუდავს თავისუფლებას. ვიწყებ გადაღებას, ფრთხებიან, "კარგით, კარგით" და ბოლოს მატარებენ.
პარტიების და პიროვნებების აკრძალვასთან ერთად, რეჟიმი ქვეყნის დატოვების აკრძალვასაც განიხილავს და სატესტო ნაბიჯებს დგამს უკვე, როგორც ჩანს, ამ მიმართულებით.
როცა მოლდოვა და უკრაინა ევროკავშირში გაწევრიანებისკენ სწრაფად მიიწევს და შესაძლოა, სომხეთმაც კი მოისურვოს კანდიდატის სტატუსი, საქართველოს საზღავრზე შესაძლოა სულ მალე რკინის ფარდა დაეშვას და საბოლოოდ დიქტატურაში აღმოვჩნდეთ.
გავაგრძელებთ საჯარო ურთიერთლანძღვას, ქილიკს და კრიტიკას თუ შევკავშირდებით ადამიანები, ვინც რეალურად ვებრძვით რეჟიმს? ჩემთვის დღესდღეობით ერთადერთი რელევანტური კითხვა ეს არის. გავერთიანდებით? - გავიმარჯვებთ. თან ძალიან მალე. არა? - ქვეყანაში დამყარდება დიქტატურა და საზღვარზე გასვლასაც ვეღარ შევძლებთ მალე ან თუ გავალთ - სამუდამოდ", - დაწერა ბოკუჩავამ.