აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ჩინეთის ლიდერს სი ძინპინს დიქტატორი უწოდა. ეს ხდება ჩინეთში სახელმწიფო მდივნის ვიზიტიდან ერთი დღის შემდეგ.
ბაიდენმა სი ძინპინს დიქტატორი მაშინ უწოდა, როდესაც საუბრობდა ჩინეთის პრეზიდენტის რეაქციაზე აშშ-ის მიერ ჩინური სათვალთვალო ბუშტის ჩამოგდებისას.
"მიზეზი, თუ რატომ იყო სი ძინპინი ძალიან უკმაყოფილო, როდესაც ჯაშუშური აღჭურვილობით დატვირთული საჰაერო ბუშტი ჩამოვაგდეთ, იყო ის, რომ მან არ იცოდა ამ ბუშტის შესახებ. ეს კი დიქტატორებს ძალიან არ მოსწონთ - როდესაც არ იციან, რა ხდება", - თქვა ბაიდენმა.
კვირას და ორშაბათს პეკინში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი იმყოფებოდა. ვიზიტის მიზანი იყო ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების დასტაბილურება. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ეს აშშ-ის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელის პირველი ვიზიტი იყო ჩინეთში.
ბლინკენი ჩინეთის ლიდერსაც შეხვდა. სი ძინპინმა განაცხადა, რომ შეხვედრაზე გარკვეულ პროგრესს მიაღწიეს, ბლინკენმა კი მიანიშნა, რომ ორივე მხარე მოლაპარაკებების გაგრძელებისთვის მზადაა. ამასთან, სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ პეკინსა და ვაშინგტონს შორის სერიოზული უთანხმოება რჩება.