აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის ყოფილ სახელმწიფო მინისტრს ტერორიზმის მუხლით ბრალი წაუყენა

აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის ყოფილ სახელმწიფო მინისტრს ტერორიზმის მუხლით ბრალი წაუყენა

აზერბაიჯანის ხელისუფლებამ არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ყოფილ სახელმწიფო მინისტრს რუბენ ვარდანიანს ტერორიზმის დაფინანსებისთვის ბრალი წაუყენა.

ვარდანიანი ცნობილი საინვესტიციო ბანკირია, რომელმაც კარიერა რუსეთში ააწყო და Forbes-ის ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაშიც შედიოდა. 2022 წელს მან უარი თქვა რუსეთის მოქალაქეობაზე და მთიან ყარაბაღში გადასახლდა, სადაც ე.წ. მთავრობის მეთაური გახდა. ის ბაქოს ზეწოლის შედეგად გადააყენეს.

ვარდანიანი 27 სექტემბერს დააკავეს და ბაქოში გააგზავნეს, როდესაც სხვა ლტოლვილებთან ერთად აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვრის გადაკვეთას ცდილობდა. აზერბაიჯანის სასაზღვრო სამსახურმა განაცხადა, რომ ის ქვეყანაში არალეგალურად იმყოფება.

აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ ბიზნესმენს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით წაუყენეს: ტერორიზმის დაფინანსება, შეიარაღებული დაჯგუფებების შექმნაში მონაწილეობა და საზღვრის უკანონო გადაკვეთა.

20 სექტემბერს აზერბაიჯანმა განაცხადა, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრები ეთნიკური სომხები ცეცხლის შეწყვეტის შესახებ წინადადებას დათანხმდნენ.

შეთანხმება ორ მხარეს შორის მას შემდეგ შედგა, რაც აზერბაიჯანის მიერ განხორციელებულ შეტევებს ათეულობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

ყარაბაღის სომხური სეპარატისტული ძალების განცხადებით, მაშინ, როცა მსოფლიო განზე გადგა, აზერბაიჯანმა გაარღვია მათი ხაზები და დაიპყრო რამდენიმე სიმაღლე და სტრატეგიული საგზაო კვანძი. სწორედ ამიტომ ისინი იძულებულნი გახდნენ, დათანხმდებოდნენ რუსეთის წინადადებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.

ბოლო მონაცემებით, მთიანი ყარაბაღი 53 629 ადამიანმა და 10 985-მა მანქანამ დატოვა. როგორც სომხეთის პრემიერმინისტრის პრესმდივანმა აღნიშნა, ევაკუირებული ადამიანებიდან 35 491-ია ოფიციალურად რეგისტრირებული.

ე.წ. მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა 2024 წლის 1-ელი იანვრიდან არსებობას შეწყვეტს. "განკარგულებას" ხელი ე.წ. პრეზიდენტმა სამველ შაჰრამანიანმა მოაწერა.