ე.წ. მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა 2024 წლის 1-ელი იანვრიდან არსებობას შეწყვეტს

ე.წ. მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა 2024 წლის 1-ელი იანვრიდან არსებობას შეწყვეტს

ე.წ. მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა 2024 წლის 1-ელი იანვრიდან არსებობას შეწყვეტს. "განკარგულებას" ხელი ე.წ. პრეზიდენტმა სამველ შაჰრამანიანმა მოაწერა.

თვითგამოცხადებული არცახის დე ფაქტო პრეზიდენტმა ყველა "საჯარო უწყებისა და ორგანიზაციის დათხოვნის შესახებაც განაცხადა".

ყარაბაღის მოსახლეობას, მათ შორის, ვინც ე.წ. რესპუბლიკის ფარგლებს გარეთ იმყოფება, ამ განკარგულების ძალაში შესვლის შემდეგ ურჩევენ აზერბაიჯანის მიერ წარმოდგენილ რეინტეგრაციის პირობებს გაეცნონ.

განკარგულებაში ნათქვამია, რომ იგი ძალაში გამოქვეყნებისთანავე შედის.

***

20 სექტემბერს აზერბაიჯანმა განაცხადა, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრები ეთნიკური სომხები ცეცხლის შეწყვეტის შესახებ წინადადებას დათანხმდნენ.

შეთანხმება ორ მხარეს შორის მას შემდეგ შედგა, რაც აზერბაიჯანის მიერ განხორციელებულ შეტევებს ათეულობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

ყარაბაღის სომხური სეპარატისტული ძალების განცხადებით, მაშინ, როცა მსოფლიო განზე გადგა, აზერბაიჯანმა გაარღვია მათი ხაზები და დაიპყრო რამდენიმე სიმაღლე და სტრატეგიული საგზაო კვანძი. სწორედ ამიტომ ისინი იძულებულნი გახდნენ, დათანხმდებოდნენ რუსეთის წინადადებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.

სომხეთი აცხადებს, რომ მთიანი ყარაბაღი 2 900-ზე მეტმა ადამიანმა დატოვა და სომხეთში გადავიდა. უწყება 25 სექტემბრის 06:00 საათის მონაცემებს ოფიციალურ ვებგვერდზე აქვეყნებს.

ბოლო მონაცემებით, მთიანი ყარაბაღი 53 629 ადამიანმა და 10 985-მა მანქანამ დატოვა. როგორც სომხეთის პრემიერმინისტრის პრესმდივანმა აღნიშნა, ევაკუირებული ადამიანებიდან 35 491-ია ოფიციალურად რეგისტრირებული.