
ქართული ოცნების საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ავსტრიის რესპუბლიკაში, ქ. ჟენევაში გაეროსთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, უზბეკეთისა და ბელარუსის რესპუბლიკებში საქართველოს ახალი ელჩები ჰყავს.
მათივე თქმით, ავსტრიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ალექსანდრე მაისურაძე დაინიშნა.
სამინისტროს განცხადებით, ჟენევაში გაეროსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი ელჩი რევაზ ლომინაძე იქნება.
არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად გიორგი ჯანჯღავა დაინიშნა.
უზბეკეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის პოსტზე დავით კოტარია, ხოლო ბელარუსის ელჩად გიორგი საგანელიძე დაინიშნა.
"ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად და ეუთოსა და ქ.ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად ალექსანდრე მაისურაძე დაინიშნა. ალექსანდრე მაისურაძე საქართველოს დიპლომატიურ სამსახურში 1998 წლიდან სხვადასხვა პოზიციაზე საქმიანობს. სხვადასხვა დროს, ალექსანდრე მაისურაძე გახლდათ ნატოსთან საქართველოს წარმომადგენელი, ასევე ჟენევაში გაეროს განყოფილებებსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი. ალექსანდრე მაისურაძეს მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.
ქ. ჟენევაში გაეროსთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად რევაზ ლომინაძე დაინიშნა.რევაზ ლომინაძე გახლდათ კვიპროსის რესპუბლიკაში, ასევე შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი. რევაზ ლომინაძეს მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.
არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად გიორგი ჯანჯღავა დაინიშნა. მას დიპლომატიურ სამსახურში მუშაობის ხანგრძლივი გამოცდილება აქვს. 1994 წლიდან გიორგი ჯანჯღავა საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში სხვადასხვა პოზიციებზე მუშაობდა, მათ შორის გახლდათ თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, სხვადასხვა დროს იყო საუდის არაბეთის სამეფოში, ეგვიპტისა და სირიის არაბთა რესპუბლიკებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ასევე ირანისა და პაკისტანის ისლამურ რესპუბლიკებში საქართველოს ელჩი. გიორგი ჯანჯღავას მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.
უზბეკეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის პოსტზე დავით კოტარია დაინიშნა,რომელსაც როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. დავით კოტარია 1998 წლიდან მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროსა და დიპლომატიურ მისიებში. იგი იკავებდა ბელარუსის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის პოზიციას. მას მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.
ბელარუსის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად კი გიორგი საგანელიძე დაინიშნა. იგი საგარეო უწყებაში სხვადასხვა თანამდებობებზე 1998 წლიდან მუშაობს. გიორგი საგანელიძე გახლდათ სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი. მას მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის დიპლომატიური რანგი", - წერია განცხადებაში.