
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 8 მაისი ოფიციალურად გამოაცხადა მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღედ. პრეზიდენტის პროკლამაციაში ხაზგასმულია, რომ 2025 წელს 80 წელი სრულდება იმ ისტორიული მომენტიდან, როდესაც მოკავშირეებმა ფაშიზმსა და ნაციზმზე გამარჯვება მოიპოვეს და ევროპაში მეორე მსოფლიო ომი დასრულდა.
„დღეს ჩვენი ერი ამაყად აღნიშნავს თავისუფლების ძალების ერთ-ერთ უდიდეს გამარჯვებას. ვიხსენებთ ყველა ამერიკელს, ვინც ბრძოლაში დაეცა, და მადლიერი ვართ ყველასი, ვინც ბრძოლაში თავისუფლების სადარაჯოზე იდგა“, — ნათქვამია პროკლამაციაში, რომელიც 7 მაისს თეთრი სახლის ვებსაიტზე გამოქვეყნდა.
პრეზიდენტმა ტრამპმა აღნიშნა, რომ 1941 წლის პერლ ჰარბორის დაბომბვის შემდეგ ამერიკა „ჩაება კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ბნელ და სისხლიან ბრძოლაში“, რომელიც, მისი თქმით, გახდა „კეთილსა და ბოროტს შორის მარადიული ომის მწვერვალი“.
პროკლამაციაში პრეზიდენტი ამბობს, რომ აშშ-მა მეორე მსოფლიო ომში 250,000-მდე ჯარისკაცი დაკარგა და რომ ამ მსხვერპლის გარეშე „დღევანდელი მსოფლიო სრულიად განსხვავებული იქნებოდა“.
პრეზიდენტის თქმით, მისი ერთ-ერთი მთავარი მიზანი საერთაშორისო კონფლიქტების თავიდან აცილებაა. „ჩვენი გამარჯვების საზომი იქნება არა მხოლოდ ის ბრძოლები, რომელთაც მოვიგებთ, არამედ ის ომები, რომლებსაც თავიდან ავიცილებთ“, — განაცხადა ტრამპმა და საკუთარ თავს „მშვიდობისმყოფელი პრეზიდენტი“ უწოდა.
პროკლამაციის ბოლოს, დონალდ ტრამპი საზოგადოებას მოუწოდებს, პატივი მიაგონ „ყველა პატრიოტს დიდი თაობიდან“, ვინც ოჯახს და სახლს მოსწყდა და შორეულ მიწებზე თავისუფლებისთვის იბრძოლა.
დოკუმენტი 7 მაისით თარიღდება, ხოლო 8 მაისი ოფიციალურად გამოცხადებულია მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღედ.