ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსული ვირტუალური ფინანსური პლატფორმების წინააღმდეგ სანქციები დააწესა. ასევე ე.წ. შავ სიაში მოხვდნენ რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც კიბერდანაშაულთან და ფულის გათეთრებასთან არიან კავშირში. ინფორმაციას აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი ავრცელებს.
"დღეს აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი იღებს ზომებს, როგორც კოორდინირებული საერთაშორისო ძალისხმევის ნაწილი, რათა რუსული კიბერდანაშაულის სერვისები შეაჩეროს", - ნათქვამია განცხადებაში.
კერძოდ, ფინანსური დანაშაულების აღსრულების ქსელი (FinCEN) აწესებს შეზღუდვებს რუსული ვირტუალური ვალუტის PM2BTC-ის მიმართ, რომელიც რუსეთში ფულის გათეთრებაშია ჩართული. გარდა ამისა, საგარეო აქტივების კონტროლის ოფისი (OFAC) აწესებს სანქციებს რუსეთის მოქალაქე სერგეი ივანოვის წინააღმდეგ, რომელიც ფულის გათეთრებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს, ასევე სანქციები უწესდება სენტ-ვინსენტსა და გრენადინებში რეგისტრირებული ვირტუალური ვალუტის გადამცვლელ Cryptex-ის წინააღმდეგ. ასევე განცხადების თანახმად, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ივანოვის დაპატიმრებისთვის საჭირო ინფორმაციის სანაცვლოდ 10 მილიონ დოლარამდე ჯილდო დააწესა.
ამასთან, ნათქვამია, რომ FinCEN-ისა და OFAC-ის სანქციები კოორდინირებულია აშშ-ს სხვა სამთავრობო უწყებებისა და საერთაშორისო პარტნიორების ქმედებებთან.