აშშ-ის საელჩო ისრაელში აცხადებს, რომ რაფაჰის გამშვები პუნქტის გახსნასთან დაკავშირებით "ინფორმაცია მიიღეს" და ის, სავარაუდოდ, ადგილობრივი დროით 10:00 საათზე გაიხსნება. თუმცა საელჩოში არ დაუზუსტებიათ, რამდენი ხნით იქნება ეგვიპტესა და ღაზის სექტორის დამაკავშირებელი საზღვარი ღია.
"ჩვენ ველით, რომ თუ საზღვარი გაიხსნება, ბევრი ადამიანი ეცდება მის გადაკვეთას, ამიტომ აშშ-ის მოქალაქეები, რომლებიც ეგვიპტეში გადასვლას დააპირებენ, უნდა ელოდნენ პოტენციურად ქაოსურ და მოუწესრიგებელ გარემოს ორივე მხარეს", - წერია განცხადებაში.
19 ოქტომბერს ჯო ბაიდენი ეგვიპტის პრეზიდენტს ტელეფონით ესაუბრა და მოგვიანებით ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ეგვიპტე რაფაჰის გამშვები პუნქტის გახსნას დათანხმდა. მან თქვა, რომ ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების 20 სატვირთო მანქანა შევიდოდა, თუმცა დამატებითი დეტალების შესახებ არ უსაუბრია.
მანამდე ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ხელს არ შეუშლიან ეგვიპტის ტერიტორიიდან ღაზის სექტორის მიმართულებით ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას, თუმცა აქვე აღნიშნა, რომ ეს ისრაელის ტერიტორიიდან მანამ არ განხორციელდება, სანამ ჰამასი ყველა მძევალს არ გაათავისუფლებს.
ამას წინ უძღოდა ისრაელში აშშ-ის პრეზიდენტის ვიზიტი - ის შეხვდა ე.წ. ომის კაბინეტს და მათ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა. ამასთან, პრემიერმინისტრ ნეთანიაჰუსთან შეხვედრის დროს ბაიდენმა თქვა, რომ ღაზის საავადმყოფოზე იერში არა ისრაელმა, არამედ "სხვა ჯგუფმა" მიიტანა. მოგვიანებით, მან განმარტა, რომ კლინიკის დაბომბვაზე განცხადება თავდაცვის დეპარტამენტისგან მიღებული ცნობების საფუძველზე გააკეთა.
ვიზიტის დასრულების წინ ბაიდენმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც კონგრესს მიმართა, ისრაელს თავდაცვის "უპრეცედენტო" დახმარების პაკეტი გამოუყოს. სწორედ აქ გააჟღერა მან პირველად ინფორმაცია, რომ ისრაელი ღაზის სექტორისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების დაშვებას დათანხმდა.