"არ გამოვა სხვებზე გადაბრალება", - ასე ეხმაურება ნიკა გვარამია კანდიდატის სტატუსთან გადავადების მოთხოვნასთან დაკავშირებით ცნობებს. მისი თქმით, ქართული ოცნების პროპაგანდამ ევროკავშირის სტატუსზე უარისთვის ხალხის შემზადება დაიწყო.
"დაიწყო ქართული ოცნების პროპაგანდამ ჩვენი შემზადება ევროკავშირის სტატუსზე უარისთვის. სულ ტყუილად: არ გამოვა არავისზე გადაბრალება, რამდენსაც არ უნდა გეხმარებოდნენ გაუგებარი მავნებლური და ოცნების პროპაგანდაზე უცნაურად და ზოგჯერ საეჭვოდაც წყლის დამსხმელი განცხადებებით ზოგიერთი უმწიფარი ოპოზიციონერი და არასამთავრობო სექტორის ზოგიერთი უმწიფარი წარმომადგენელი.
არ გამოვა გადაბრალება, იმიტომ რომ თუ ვერ მივიღებთ კანდიდატის სტატუსს, მხოლოდ იმიტომ რომ ოცნება გამალებით საბოტირებს პროცესს და ზემოხსენებული ზოგიერთის "მაინც" და თვალის ჩაპაჭუნება ფეხებზე კიდია იქ ყველას და მხოლოდ აღიზიანებს.
საკუთარი გეოპოლიტიკური ინტერესი თუ უკარნახებთ, მოგვცემენ. ქვეყანაში, სადაც დემოკრატია დანგრეულია და ევრორეკომენდაციების 2/3 შეგნებულად არათუ არ სრულდება, არამედ მიზანმიმართულად უარესდება, ვერავითარი სხვა მოტივაცია ბუნებაში ვერ იარსებებს: ვერც სოციოლოგია, ვერც ქართული პოლიფონია, ვერც ვეფხისტყაოსანი და ვერც სალომე ზურაბიშვილის ტურნეები", - წერს გვარამია.
დღეს დეპუტატებმა ხათუნა სამნიძემ და ხატია დეკანოიძემ განაცხადეს, რომ კონკრეტული ოპოზიციონერი დეპუტატები ევროპელი პარტნიორებისგან ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების გადავადებას ითხოვენ. სამნიძის თქმით, ბრიუსელში გაუგებარია, რატომ არ ისმის ოპოზიციური ფლანგიდან ერთიანი გზავნილები.
ამ განცხადების შემდეგ ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ თქვა, რომ სტატუსის გადავადებას პარტნიორებისგან ენმ, ლელო, ვაშაძე და გვარამია ითხოვენ.