პარტია ლელოს წევრებმა ირაკლი კუპრაძემ და ლანა გალდავამ დღეს განაცხადეს, რომ პარლამენტის აპარატმა პარლამენტარებს ანტიდასავლელი ავტორის ალექსანდრე ქოჩიაშვილის წიგნი "ლუციფერის მხილება" გადასცა.
კუპრაძის თქმით, წიგნში საუბარია ამერიკაზე, როგორც ლუციფერზე, ასევე ებრაელების შეთქმულებებსა და მსოფლიო გადატრიალებაზე.
"გაგიჟდა ქართული ოცნება, საქართველოს პარლამენტის აპარატი ოფიციალურად არიგებს ამ წიგნს პარლამენტარებთან და ფრაქციებში!
გიჟი, შეთქმულების თეორიის, ანტიდასავლელი, ვინმე ალექსანდრე ქოჩიაშვილის წიგნია, გამომცემლის გარეშე, ტირაჟის გარეშედა უფასოდ ავრცელებენ.
ამერიკა, როგორც ლუციფერი, ებრაელების შეთქმულებები და მსოფლიო გადატრიალება.
ავად არიან ქოცები და საქართველოს პარლამენტი" - წერს კუპრაძე.
ლანა გალდავა აცხადებს, რომ ვარძიის და გელათის ფრესკების ფოტოების სამუშაო ოთახში შეტანისთვის მას "უსაფრთხოების ყველა ზომის გავლა დასჭირდა". პარლამენტში კი "ანტისახელმწიფოებრივი იდეებით, სტრატეგიული პარტნიორების წინააღმდეგ, ყველა სახის ფობიის და შეთქმულების თეორიის შიგთავსით" წიგნს ურიგებენ.
პარლამენტის პრესსამსახური მიშა ფეიქრიშვილი კი აცხადებს, რომ წიგნები კონკრეტულ პარლამენტარებს თავად ავტორმა გამოუგზავნა და პარლამენტის აპარატმა ადრესატებს გადასცა, ხოლო თავად პარლამენტის აპარატი "არაფერს არიგებს".
„პარლამენტის აპარატი არასდროს არიგებს წიგნებს. არც არაფერს არიგებს. მათ ეს წიგნი გამოუგზავნათ წიგნის ავტორმა, ვინმე ალექსანდრე ქოჩიშვილმა...
ფოსტით მოვიდა საქმისწარმოების დეპარტამენტში და თანამშრომელმა ვალდებულება შეასრულა, გადასცა ყველას ვისი გვარ-სახელიც იყო მითითებული.“ - აცხადებს ფეიქრიშვილი.
განცხადება გაავრცელა საქართველოს პარლამენტმა. მათი თქმით, პარლამენტის აპარატის კანცელარიის მიერ ადრესატებამდე დაიგზავნა მოქალაქე ალექსანდრე ქოჩიაშვილის (ალქოჩარი) მიერ გამოგზავნილი, მისივე ავტორობით გამოცემული პუბლიკაცია. ადრესატებში განსაზღვრული იყო საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის ფრაქციების, ასევე პოლიტიკური ჯგუფების წევრები.
"საქართველოს პარლამენტის აპარატის ფუნქციას არ წარმოადგენს საკუთარი ინიციატივით პარლამენტის წევრებისთვის და თანამშრომლებისთვის წიგნების ან სხვა საჩუქრების დარიგება." - აცხადებს პარლამენტი.