
ანატოლი გიგაურის საქმეზე განაჩენი 8 აგვისტოს გამოცხადდება. ამის შესახებ მისი ადვოკატი, ლაშა ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.
"ახლახანს შემატყობინეს, რომ ანატოლი გიგაურის გადადებული სისხლის სამართლის საქმე ჩაინიშნა ზეგ, 8 აგვისტოს -10:30 საათზე.
გიგაური იტყვის საბოლოო სიტყვას და იმავე დღეს გამოცხადდება განაჩენი.
ბრძოლა გრძელდება!", - წერს ცუცქირიძე.
შეგახსენებთ, რომ ანატოლი გიგაური სამართალდამცავებმა 2023 წლის 25 ნოემბერს დააკავეს.
გამოძიების ვერსიით, გიგაურმა პატრულ-ინსპექტორს, რომელიც საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით იყო მობილიზებული, თავს დაესხა და ფიზიკური ძალადობა განახორციელა.
ბრალდებულს წარდგენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353¹ მუხლი, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.