ანაკლიის განვითარების კონსორციუმი: სარჩელი არ დაკმაყოფილდა, გადაწყვეტილება გულდასაწყვეტია

ანაკლიის განვითარების კონსორციუმი: სარჩელი არ დაკმაყოფილდა, გადაწყვეტილება გულდასაწყვეტია

ანაკლიის განვითარების კონსორციუმი საერთაშორისო საარბიტრაჟო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ვრცელ განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

კერძოდ, საუბარია სარჩელზე, რომელიც 2020 წელს მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ანაკლიის პორტის უცხოელ ინვესტორებთან ერთად შეიტანეს.

კონსორციუმის სამეთვალყურეო საბჭოში აცხადებენ, რომ "არბიტრაჟის მიერ მიღებული გადაწყვეტილება გულდასაწყვეტია".

განცხადებაში ისინი განმარტავენ, რომ საარბიტრაჟო გადაწყვეტილებასა და პროცესთან დაკავშირებული დეტალები კონფიდენციალურია.

ანაკლიის განვითარების კონსორციუმის განცხადება:

"ADC-მ და მისმა ინვესტორებმსაერთაშორისო სავაჭრო პალატის (ICC) საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს საარბიტრაჟო წესებით მიმდინარე არბიტრაჟში, საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ ADC-ის სარჩელზე საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის” (ADC) სამეთვალყურეო საბჭო განცხადებას ავრცელებს.

აღნიშნული გადაწყვეტილების თანახმად, კომპანიის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ADC-ის სარჩელი ეხებოდა 2020 წლის იანვარში ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების მიზნით, ADC-სა და საქართველოს მთავრობას შორის დადებული საინვესტიციო ხელშეკრულების შეწყვეტის უკანონობას და ADC-სა და მისი ინვესტორების მიერ განხორციელებული ინვესტიციის ანაზღაურებას. საარბიტრაჟო გადაწყვეტილებასა და საარბიტრაჟო პროცესთან დაკავშირებული დეტალები კონფიდენციალურია.

არბიტრაჟის მიერ მიღებული გადაწყვეტილება გულდასაწყვეტია - ჩვენ კვლავაც გვჯერა, რომ საქართველოს მთავრობა მოქმედებდა არასწორად, საქართველოს მოქალაქეების ინტერესების საზიანოდ, როდესაც ცდილობდა ანაკლიის პორტის პროექტისთვის ზიანის მიყენებას, რამაც შედეგად გამოიწვია პორტის პროექტის თითქმის ათწლეულით დაყოვნება, ათასობით სამუშაო ადგილისა და შემოსავლების დაკარგვა საქართველოსთვის.

ADC-მ და მისმა ინვესტორებმა საქართველოსთვის სწორი გადაწყვეტილება მიიღეს, როდესაც პროექტის განხორციელების ვალდებულება აიღეს და ამისთვის, ყველა შესაძლო გზას მიმართეს. მათ პროექტში დაახლოებით 80 მილიონი აშშ დოლარის ინვესტირება მოახდინეს. ADC-ს კვლავ მიაჩნია, რომ მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს მთავრობას, დამხმარე როლი უნდა შეესრულებინა და ძირი არ გამოეთხარა პროექტის წარმატებით დასრულებისკენ მიმართული ჩვენი ძალისხმევისთვის. მეორე მხრივ, უაღრესად მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, რომელიც უკავშირდება მის დასავლურ მომავალს. აღნიშნულ პროცესში, ანაკლიის პორტის აშენება და ამუშავება მოემსახურებოდა ქვეყნის დასავლეთთან და არა რუსეთთან ან ჩინეთთან ინტეგრაციას.

ჩვენ წამოვიწყეთ საარბიტრაჟო საქმე, ვინაიდან ჩვენ გვქონდა ფიდუციური ვალდებულება, დაგვეცვა ჩვენი ინვესტორების ფინანსური ინტერესები. მიუხედავად ამისა, ჩვენი მიზანი ყოველთვის იყო ის, რომ მიგვეღწია ამ პროექტის წარმატებისთვის. ამ მიზნის მისაღწევად, დიდი ძალისხმევა გავიღეთ და ვმუშაობდით საქართველოს მთავრობასთან საარბიტრაჟო სარჩელის შეტანის შემდეგაც კი, რომ გამოსავალი მოგვეძებნა პროექტის გასაგრძელებლად. ყოველი ასეთი მცდელობა დაბრკოლებული ან უგულებელყოფილი იქნა მთავრობის მხრიდან, რამაც შედეგად ანაკლიის პორტის განვითარების დაყოვნება გამოიწვია. თუმცაღა, ჩვენ არ ვკარგავთ ოპტიმიზმს, რომ ანაკლიის პორტი განვითარდება ისე, როგორც ეს თავდაპირველად იყო გათვალისწინებული, საქართველოს მოქალაქეების საკეთილდღეოდ"- ნათქვამია განცხადებაში.

***

ანაკლიის პორტის პროექტი მამუკა ხაზარაძის მიერ დაფუძნებულმა კონსორციუმმა 2017 წელს მოიგო.

საქართველოს მთავრობამ ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან ხელშეკრულება 2020 წლის იანვარში გაწყვიტა.

TBC ბანკის დამფუძნებლების და ყოფილი ხელმძღვანელების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ გამოძიება 2008 წელს გაკეთებული ტრანზაქციის საქმეზე პროკურატურამ 2018 წლის აგვისტოში დაიწყო, მომდევნო წლის ივლისში კი ბრალი წარუდგინა მათ. მათ ბრალი 17 მილიონ დოლარამდე უკანონო შემოსავლის ლეგალიზებაში (ფულის გათეთრებას) ედებოდათ.

3-წლიანი სასამართლო პროცესის შემდეგ სასამართლომ მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძესა და ავთანდილ წერეთელს ფულის გათეთრების მუხლი ჯგუფურად ჩადენილი დიდი ოდენობის თაღლითობის მუხლით გადაუკვალიფიცირა, დამნაშავედ სცნო და სამივეს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. თუმცა, დანაშაულის ხანდაზმულობის გამო ისინი არ დააპატიმრეს.

მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ანაკლიის განვითარების კონსორციუმი პოლიტიკურ დევნაზე მიუთითებდა და ხელისუფლების მხრიდან ანაკლიის პორტის პროექტის მიზანმიმართულ ჩაგდებაზე საუბრობდა.