ამომრჩევლების სავარაუდო მოსყიდვა და სხვა დარღვევები - ISFED-ის შეფასება 10:00 საათისთვის
სამართლიანი არჩევნების დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, საარჩევნო უბნების თითქმის 75% 08:00 საათზე კენჭისყრის დასაწყებად მზად იყო. ორგანიზაციის დამკვირვებლებს უმეტეს საარჩევნო უბანში შესვლისა და შეუზღუდავად დაკვირვების საშუალება მიეცათ. თუმცა, ცალკეულ შემთხვევებში საარჩევნო უბნების მომზადების პროცესის დაკვირვების უფლება შეეზღუდათ.
ასევე, დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც ორგანიზაციის დამკვირვებლები უბნებიდან გამოაძევეს. საარჩევნო უბნების მიმდებარედ შეინიშნება პარტიული კოორდინატორების მობილიზება, რომლებიც საარჩევნო უბანში მისულ ამომრჩეველს აღრიცხავენ.
10:00 საათისთვის სამართლიანი არჩევნების დამკვირვებლების მიერ დაფიქსირდა შემდეგი სახის დარღვევები/ინციდენტები:
დამკვირვებლის უფლების შეზღუდვა
- #27 მცხეთის საარჩევნო ოლქის #41, #20 რუსთავის საარჩევნო ოლქის #58 საარჩევნო უბნებში „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლები არ შეუშვეს პენიტენციურ დაწესებულებაში უბნის გახსნის შემდეგ.
- #67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის #9, #12 საარჩევნო უბნებში „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლები გააძევეს საარჩევნო უბნებიდან.
მარკირების წესების დარღვევა
- #36 ბორჯომის საარჩევნო ოლქის #9 საარჩევნო უბანში ორმა ამომრჩეველმა მარკირების გარეშე მისცა ხმა.
საარჩევნო უბანში არაუფლებამოსილი პირების ყოფნა
- #79 ბათუმის საარჩევნო ოლქის #5 სარჩევნო უბანში, #24 დმანისის საარჩევნო ოლქის #50 სარჩევნო უბანში იმყოფებოდნენ არაუფლებამოსილი პირები.
- #51 ზესტაფონის საარჩევნო ოლქის #3 საარჩევნო უბანში უბნის გახსნამდე „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა შეიყვანა ამომრჩეველი კენჭისყრის შენობაში. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დაიწერა შენიშვნა ჩანაწერთა წიგნში.
ფიზიკურად ძალადობის შემთხვევები
- #67 საარჩევნო ოლქის #9 სარჩევნო უბანზე დაფიქსირდა ფიზიკური ძალადობა.
საარჩევნო უბნების მოწყობასთან დაკავშირებული პრობლემები
- #67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის #18 სარჩევნო უბანში და #30 კასპის საარჩევნო ოლქის #22 საარჩევნო უბანში რეგისტრატორის მაგიდები იმდენად ახლოს იყო კედელთან, რომ უბანში მყოფ აკრედიტირებულ დამკვირვებლებს სათანადო დაკვირვების შესაძლებლობა არ ჰქონდათ.
ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა
- #57 ტყიბულის საარჩევნო ოლქის #1 საარჩევნო უბანთან დაფიქსირდა ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის შემთხვევა. „სამართლიანი არჩევნების“ გარე დამკვირვებლის ინფორმაციით, სავარაუდოდ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა კოორდინატორმა, რომელიც კენჭისყრის პროცესის დაწყებიდან იმყოფება, სხვა პირებთან ერთად, მოცემულ საარჩევნო უბანთან, კენჭისყრის ოთახიდან გამოსულ ამომრჩეველს 100 ლარის ოდენობით თანხა გადასცა;
- #7 ჩუღურეთის საარჩევნო ოლქის #3 საარჩევნო უბანთან დაფიქსირდა ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა. „სამართლიანი არჩევნების“ გარე დამკვირვებლის ყურადღება მიიპყრო უბანთან სიახლოვეს წარმოქმნილმა ხმაურმა, რომლის მიზეზიც ერთ-ერთი საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის მიერ ჩუღურეთის გამგეობის წარმომადგენლის მხრიდან ამომრჩევლისთვის ბენზინის ტალონის გადაცემის ფაქტის დაფიქსირება გახდა. „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლის ინფორმაციით, გამგეობის წარმომადგენელი და მასთან მყოფი პირები მოცემულ პირს მობილური ტელეფონიდან დაფიქსირებული ჩანაწერის წაშლას სთხოვდნენ;
- #18 ახმეტის საარჩევნო ოლქის #17 საარჩევნო უბანთან სავარაუდოდ ადგილი ჰქონდა ქვემო ალვანში ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ ამომრჩევლისთვის თანხის გადაცემას .
ამომრჩეველთა აღრიცხვა საარჩევნო უბნის მიმდებარედ
- #10 გლდანის საარჩევნო ოლქის #75 საარჩევნო უბანთან შეინიშნება მობილიზებული კოორდინატორების მიერ ამომრჩეველთა აღრიცხვა. ისინი განთავსებულნი არიან საარჩევნო უბნიდან დაახლოებით 50 მეტრში და ადგილზე კენჭისყრის პროცესის დაწყებიდან იმყოფებიან.
10:00 საათისთვის „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების მიერ საუბნო საარჩევნო კომისიებში შეტანილია 10 საჩივარი, 2 შენიშვნა დაფიქსირდა ჩანაწერთა წიგნში.