"ამას ჰქვია სამოქალაქო აქტივიზმი, შეეგუონ" - კობახიძე კასპში ენმ-ის წევრებზე თავდასხმაზე

"ამას ჰქვია სამოქალაქო აქტივიზმი, შეეგუონ" - კობახიძე კასპში ენმ-ის წევრებზე თავდასხმაზე

"ამას ჰქვია სამოქალაქო აქტივიზმი, ჩვეულებრივად შეეგუონ" - ასე ეხმაურება ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კასპში, ნაციონალური მოძრაობის შეხვედრაზე მომხდარ ინციდენტს.

კასპში, ქართული ოცნების მხარდამჭერებმა ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის მოსახლეობასთან შეხვედრის ჩაშლა სცადეს.

კობახიძის მტკიცებით, ასეთ თავდასხმებს სამოქალაქო აქტივიზმი ოპოზიციონერებმა პოლიტიკოსებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და კონკრეტულმა უცხოელმა დიპლომატებმა დაარქვეს, რასაც მისივე თქმით, "ოპოზიცია ჩვეულებრივად უნდა შეეგუოს".

"ამას ჰქვია სამოქალაქო აქტივიზმი, ასე დაარქვეს კონკრეტულმა ადამიანებმა, ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა, NGO-ებმა, კონკრეტულმა უცხოელმა დიპლომატებმა დაარქვეს ამას სამოქალაქო აქტივიზმი. თუ ეს სამოქალაქო აქტივიზმია, მაშინ რა არის პრობლემა? ჩვეულებრივად შეეგუონ ამ სამოქალაქო აქტივიზმს. თუ ვინმე სამოქალაქო აქტივისტი მინდა და რაღაც ჩაშლა უნდა, ეს არის მათი საქმე... სამოქალაქო აქტივისტები როცა სადღაც მიდიან, შეეგუონ სამოქალაქო აქტივიზმს. ქართული ოცნება აქ არაფერ შუაშია", - აცხადებს კობახიძე.

კასპში ხაბეიშვილი ადგილობრივებს საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით ხვდებოდა, რა დროსაც ადგილზე მმართველი პარტიის მხარდამჭერები, ასევე აიპების თანამშრომლები მივიდნენ.

ოცნების მხარდამჭერები ითხოვდნენ ლევან ხაბეიშვილის შენობიდან გამოსვლას, აყენებდნენ მას სიტყვიერ შეურაცხყოფას და აგრესიით გამოირჩეოდნენ.

პარტიის წარმომადგენლის თქმით, ადგილზე იმყოფებიან შიდა ქართლის ოთხივე მუნიციპალიტეტიდან ჩამოსული ქართული ოცნების მხარდამჭერები.

"ნაწილი აიპებიდან არიან და ნაწილი უბრალოდ მხარდამჭერები. ალყაში ვყავართ მოქცეული. გამოვიძახეთ პოლიცია, თუმცა ადგილზე მოვიდა მხოლოდ 2 ადამიანი და რეაგირება არ აქვთ", - ამბობს ენმ-ის წარმომადგენელი.

ფაქტს თავად ლევან ხაბეიშვილიც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მმართველი პარტიის მხარდამჭერები მას ყველა რეგიონში დაჰყვებიან და მისი შეხვედრების ჩაშლას ცდილობენ.