
ქართული ოცნების ერთპარტიული პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს იმედი აქვს, რომ გერმანიის მხრიდან ელჩის პიტერ ფიშერის კონსულტაციისთვის გაწვევა გერმანიის მხრიდან ორმხრივი ურთიერთობების "გადატვირთვის სიგნალია".
პაპუაშვილი კვლავ თავს ესხმის პიტერ ფიშერს და ამბობს, რომ "ნაცვლად იმისა, ხიდის როლს ასრულებდეს მთავრობებს შორის, მან აირჩია - კედლის როლი".
ჟურნალისტმა მას გერმანიის მხრიდან ელჩის გაწვევის გადაწყვეტილების და ამასთან დაკავშირებით გავრცელებული კრიტიკული განცხადების შეფასება სთხოვა, რაზეც პაპუაშვილმა თქვა, რომ "სიღრმეებში აღარ შევა".
"ჩვენ ვფიქრობთ მაინც, რომ როგორც ჩანს, გერმანიის ხელისუფლებაში დაფიქრდნენ იმაზე, რომ მოქმედი ელჩი სამწუხაროდ, ნაცვლად იმისა, რომ ასრულებდეს ხიდის როლს მთავრობებს შორის, მან აირჩია კედლის როლი ჩვენს ქვეყნებსა და მთავრობებს შორის, რაც სამწუხარო არის. ვხედავდით მისი მხრიდან თავდასხმებს საქართველოს ხელისუფლებაზე, ვხედავდით მისი მხრიდან მხარდაჭერას რადიკალური ჯგუფების მიმართ, რაც სამწუხარო იყო. მე სხვა დროსაც ვთქვი - 30-წლიანი განსაკუთრებული პარტნიორობა, სამწუხაროდ, გერმანიის ელჩის ხელში დავიდა ძალიან დაბალ ნიშნულზე, ამიტომ, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს არის გადატვირთვის სიგნალი. რა თქმა უნდა, მზად ვართ, ჩვენი ურთიერთობები გერმანიასთან დაბრუნდეს იქ, სადაც ის უნდა იყოს. [...]
ჩვენთვის მნიშვნელოვანია თავად ფაქტი, რომ გერმანიის ელჩი იქნა გაწვეული. მე სიღრმეებში აღარ შევალ, ჩვენი პოზიციები ცნობილია მათ შორის გერმანიის ელჩის საქმიანობასთან დაკავშირებით. ჩვენ ამ პოზიციაზე ვრჩებით და ჩვენ კი არა, მთელი საზოგადოება ხედავდა ამას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია და გვაქვს იმედი, რომ ეს არის სიგნალი იმის, რომ გადააზრება მოხდეს, რომ მნიშვნელოვანია, ელჩი ასრულებდეს ხიდის როლს და არა კედლის როლს. ეს ყველა ელჩისთვის უნდა იყოს კარგი მაგალითი იმისთვის, რომ დარჩნენ საკუთარი დიპლომატიური მისიის ფარგლებში, იზრუნონ იმაზე, რომ მათ წარმოდგენილ ქვეყანასა და საქართველოს ხელისუფლებას შორის ურთიერთობებისთვის იყვნენ", - ამბობს ის.
19 ოქტომბერს გერმანიამ საქართველოდან ელჩი პეტერ ფიშერი კონსულტაციისთვის გაიწვია.
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებაში აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობა კვლავ თავს ესხმის ევროკავშირს, გერმანიასა და ელჩს, ამიტომ გახდა საჭირო ელჩის დროებით გაწვევა.
"უკვე რამდენიმე თვეა, საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელობა ევროკავშირის, გერმანიისა და პირადად გერმანიის ელჩის, ფიშერის წინააღმდეგ აგიტაციას აწარმოებს. ამიტომ, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა გადაწყვიტა, ელჩი ფიშერი კონსულტაციებისთვის გამოიძახოს, თუ როგორ გააგრძელოს მოქმედება. ხვალ ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო საქართველოს საკითხს განიხილავს", - წერს უწყება.
ელჩის მიერ ქართული ოცნების ანტიევროპული ნაბიჯების კრიტიკის საპასუხოდ ოცნების წევრები მას თავს ესხმიან და ვენის კონვენციის დარღვევაში ადანაშაულებენ. ოცნების ლიდერებმა არაერთხელ გააკეთეს ელჩის მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადება, გაავრცელეს მის წინააღმდეგ არაერთი დეზინფორმაცია.