
მედიის ადვოკატირების კოალიცია აცხადებს, რომ ფორმულას ჟურნალისტის ქეთა ციცქიშვილის დაკავება დამოუკიდებელ მედიაზე თავდასხმისა და ზეწოლის კიდევ ერთ შემთხვევას წარმოადგენს.
ქეთა ციცქიშვილი ქართული ოცნების პოლიციამ დღეს, 20 ოქტომბერს დააკავა. დაკავებულია ფორმულას კიდევ ერთი ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ვახო სანაია, მას გზის გადაკეტვის საბაბით 6-დღიანი პატიმრობა შეეფარდა.
"ქართული ოცნების“ მიერ ჟურნალისტების დაკავება მედიისა და გამოხატვის თავისუფლებაზე პირდაპირი შეტევაა. ასეთ პირობებში, დამოუკიდებელი მედიის საქმიანობა სერიოზული საფრთხის წინაშე დგას, რაც დემოკრატიული საზოგადოების ინფორმირების უფლებას მნიშვნელოვნად ზღუდავს. მედიის ადვოკატირების კოალიცია სრულ სოლიდარობას უცხადებს ქეთა ციცქიშვილს, ვახო სანაიას და ყველა უკანონოდ დაკავებულ მოქალაქეს, რომლებიც რეპრესიული კანონმდებლობის მსხვერპლნი გახდნენ. კოალიცია მოითხოვს მათ დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და ჟურნალისტების მიმართ მიზანმიმართული დევნის შეწყვეტას"- ნათქვამია განცხადებაში.