
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ მზადაა, მოწვევის შემთხვევაში, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის უნგრეთში დაგეგმილ შეხვედრას შეუერთდეს.
რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტებმა განაცხადეს, რომ ერთმანეთს უნგრეთის დედაქალაქში, ბუდაპეშტში შეხვდებიან. შესაძლოა, ეს შეხვედრა მომდევნო ორი კვირის განმავლობაში შედგეს.
"თუ მე ბუდაპეშტში მიმიწვევენ - თუ ეს იქნება მოწვევა ფორმატში, სადაც სამივე შევხვდებით, ან თუ მე შევხვდები პრეზიდენტ დონალდ ტრამპს და შემდეგ დონალდ ტრამპი - ვლადიმერ პუტინს, მაშინ მე ამ ფორმატებიდან რომელიმეს დავთანხმდები", - თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ
გარდა ამისა, უკრაინის პრეზიდენტმა გააკრიტიკა უნგრეთის პოლიტიკა, რომელსაც კიევთან დაძაბული ურთიერთობა აქვს, კრემლის მიმართ კი ყველაზე დიდი სიმპატიით განსჭვალულ ევროკავშირის წევრად ითვლება.
"მე არ მჯერა, რომ პრემიერს [ვიქტორ ორბანს], რომელიც ყველგან ბლოკავს უკრაინის ინტერესს, ამ შეხვედრაზე უკრაინისთვის რაიმე პოზიტიურის მოტანა ან თუნდაც ბალანსის დაცვა შეუძლია", - თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებტან საუბრისას.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ მზადაა შეუერთდეს სამმხრივ შეხვედრას რამდენიმე ნეიტრალურ ქვეყანაში, მათ შორის თურქეთში, შვეიცარიასა და ვატიკანში.
"კიდევ ერთი "ბუდაპეშტის სცენარი" არ იქნება პოზიტიური", - თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და მიუთითა 1994 წლის ბუდაპეშტის მემორანდუმზე, რომლის მიხედვითაც უკრაინამ, ბელარუსმა და ყაზახეთმა უსაფრთხოების გარანტიების სანაცვლოდ ბირთვული იარაღი დათმეს.