
ცოტა ხნის წინ საქართველოში ვიზიტით მყოფი ეუთო-ს თავმჯდომარე, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ელინა ვალტონენი აცხადებს, რომ შეშფოთებულია საქართველოში მოვლენებით.
ის ამბობს, რომ საქართველოს ერთ სულ მოსახლეზე იმაზე მეტი პოლიტპატიმარი ჰყავს, ვიდრე რუსეთს და მიუთითებს, რომ ეს ძლიერ სიგნალს აგზავნის ევროპელებისთვის.
ეს განცხადება მან ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრის დაწყებამდე, ჟურნალისტებთან გააკეთა.
"სამხრეთ კავკასიიდან ახლახან დავბრუნდი და სამწუხაროდ, რაც საქართველოში ვნახე, ძალიან, ძალიან შემაშფოთებელია. რიგითი ადამიანების წინააღმდეგ ქუჩებში რეპრესიები არის ის, რაც მიუღებელია. საქართველოს ერთ სულ მოსახლეზე იმაზე მეტი პოლიტიკური პატიმარი ჰყავს, ვიდრე რუსეთს, რაც ძალიან ძლიერ სიგნალს გვიგზავნის ყველა ჩვენგანს. ცხადია, ეს არ არის ევროპული გზა, მაგრამ ეს არც ის გზაა, რაც ქართველმა ხალხმა აირჩია. ასე რომ, ამ კუთხითაც სიმტკიცე უნდა გამოვიჩინოთ", - ამბობს ის.
დღეს, 20 ოქტომბერს ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრაა დაგეგმილი, რომელზეც ერთ-ერთი განსახილველი საკითხი საქართველო იქნება.
ევროკავშირის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი საქართველოში არსებულ ვითარებაზე ისაუბრებს და მინისტრებს მიაწვდის ინფორმაციას უახლესი მოვლენების შესახებ, მათ შორის 4 ოქტომბერს ჩატარებულ არჩევნებზე და ქვეყანაში დემოკრატიულ უკუსვლაზე.
საბჭოს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასი უხელმძღვანელებს.