აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის თქმით, აზერბაიჯანი მუდამ იქნება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი. ამის შესახებ მან საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძესთან გამართული ერთობლივი პრესკონფერენციისას განაცხადა.
"კიდევ ერთხელ დავუდასტურეთ ერთმანეთს მხარდაჭერა სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართულებით და მინდა, კიდევ ერთხელ გავიმეორო საჯაროდ - ყოველთვის და მუდამ ვიქნებით საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, საზღვრების დაცულობის მხარდამჭერნი
წლების განმავლობაში უმნიშვნელოვანესი განცხადებები გავაკეთეთ, საერთაშორისო ორგანიზაციებშიც მხარდაჭერა გვაქვს ერთმანეთისთვის გამოცხადებული და ამას გავაგრძელებთ. არც ერთი ქვეყნის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა არ შეიძლება იყოს შეცვლილი. საერთაშორისო სამართლის ნორმები ყველასთვის ერთი უნდა იყოს და დისკრიმინაცია არ უნდა ხორციელდებოდეს. აზერბაიჯანი წლების განმავლობაში ოკუპირებული იყო და შეძლო თავისი ტერიტორიების დახსნა.
მეზობელი მეგობარი ქვეყნის მთავრობის მეთაურის ვიზიტი არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამ შესავლის შემდეგ ჩვენი ურთიერთობა დიდ მეგობრობაში გადაიზრდება, იმიტომ, რომ ხალხს აკავშირებს მეგობრობა, დელეგაციებს ერთად უმუშავიათ წლების განმავლობაში და მეგობრებად იქცნენ. ჩვენ, ორი მეგობარი და მოძმე ქვეყანა მხარდამხარ, ერთად ვივლით წინ და ყველა საკითხს ერთად გადავჭრით", - თქვა ალიევმა.
ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანში დღეს ჩავიდა. ის აზერბაიჯანის პრეზიდენტის გარდა, პრემიერმინისტრ ალი ასადოვსაც შეხვდა. ბრიუსელში კობახიძესთან ერთად დელეგაციაში არიან პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ლევან დავითაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი.