ადვოკატის თქმით, მკვლევარ სოფო გელავას სახლში ჩატარებული ჩხრეკა უკანონოა

ადვოკატის თქმით, მკვლევარ სოფო გელავას სახლში ჩატარებული ჩხრეკა უკანონოა

ადვოკატი შოთა თუთბერიძის განცხადებით Atlantic Council-ის მკვლევრის, სოფო გელავასა და მისი ქმრის, პოლიტიკოსი გიორგი ნონიაშვილის სახლში ჩატარებული ჩხრეკა სავსებით უკანონოა.

თუთბერიძე ჟურნალისტებთან განმარტავს, რომ ჩხრეკის ოქმში არ იყო მითითებული ძებნის საგანი, თუმცა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ზეპირად იცოდნენ, თუ რას ეძებდნენ.

იურისტის თქმით, ბინიდან წაიღეს კომპიუტერული ტექნიკა, მათ შორის არასრულწლოვნის კუთვნილი ლეპტოპი.

"ჩხრეკა არის სავსებით უკანონო იმიტომ, რომ ის განჩინება, რომლის საფუძველზეც ჩატარდა, არის სავსებით უკანონო. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მოახერხა და მისცა ნებართვა ჩხრეკისა ისე, რომ არც კი ჩაწერა, რა არის ძებნის საგანი. არადა ეს აუცილებელი კომპონენტია ჩხრეკის შესახებ განჩინებისა, როცა გამოძიებასაც და სასამართლოსაც უნდა ჰქონდეს, რაიმე მიზანი, რომ რაიმე ნივთმტკიცება ამოიღონ.

ამ შემთხვევაში, გამომძიებლებმა ზეპირად იცოდნენ, რომ ეძებდნენ ციფრულ მატარებლებს და სწორედ ამგვარი ნივთები იქნა ამოღებული, მათ შორის არასრუწლოვანის კუთვნილი კომპიუტერული ტექნიკა და იმ პირების კუთვნილი ტექნიკა, რომლებიც არ არიან ნახსენები სასამართლო განჩინებაში, თუმცა განჩინებაში, რომელიც უნდა შეიცავდეს ამგვარ მითითებას, ეს არ შეიცავდა ამ მითითებას და იყო ზეპირი ინსტრუქციის საფუძველზე ჩატარებული ჩხრეკა, რომელიც უბრალოდ დაკანონდა და გაპრავდა სასამართლოს გადაწყვეტილებით"- თქვა თუთბერიძემ.

თუთბერიძე აღნიშნავს, რომ საქმესთან დაკავშირებით არანაირი ინფორმაცია არ აქვთ და ვარაუდობს, რომ საქმე საგამოძიებო უწყებების მიერ ფაბრიკაციის მცდელობასთან აქვთ.

ადვოკატის თქმით, შესაძლოა ეს იყოს წინასაარჩევნოდ დაშინებიც მცდელობაც.

"ჩვენ საქმესთან დაკავშირებით ინფორმაცია არ გვაქვს, ეს არც უნდა გაგვიკვირდეს იმიტომ, რომ საგამოძიებო ორგანოებს ამის გამართლება ყოველთვის შეუძლიათ. ისინი ძალიან ხშირად იწყებენ ხოლმე საქმის გამოძიებას აბსურდული, სხვა მუხლთ იმისთვის, რომ ბოლოს, ფაბრიკაციის და სხვადასხვა მაქინაციების საშუალებით მოხდეს სხვადასხვა ადამიანების პასუხისგებაში მიცემა.

მე მიჭირს სხვაგვარად ავხსნა ჩხრეკა სახლში, რომელიც ერთი მხრივ ეკუთვნის პოლიტიკოსს, მეორე მხრივ კი ადამიანს, რომელიც აქტიურადაა ჩართული რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლაში და არის თანამშრომელი დასავლური ინსტიტუციებისა საქართველოში. დანარჩენ ნაწილს დაგვანახებს დრო. მე არ ვიცი, რას უმიზნებს ქართული ოცნება. შესაძლოა, ეს იყოს წინასაარჩევნოდ დაშინების მცდელობა, სხვებისთვის საჩვენებელი ჩხრეკა და დასჯა ამ შემთხვევაში ამ ადამიანებისა"- ამბობს თუთბერიძე.

დღეს ჩხრეკა ჩატარდაჩატარდა Atlantic Council-ის კიდევ ერთი თანამშრომლის, მკვლევარ ეთო ბუზიაშვილის სახლშიკ, ასევე ფინანსური პოლიციის საგამოძიებო სამსახური იმყოფებოდა ძმებ ონისე და სანდრო ცხადაძეების სახლშიც, საიდანაც კომპიუტერული ტექნიკა წაიღეს.

ასევე, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები დილიდან იმყოფებიან ამერიკულ კომპანია Concentrix Georgia-ში. ადგილზე მიმდინარეობს ჩხრეკა.