ადვოკატის თქმით, ანდრო ჭიჭინაძის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართავენ

ადვოკატის თქმით, ანდრო ჭიჭინაძის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართავენ

მართლმსაჯულების სახლი რეჟიმის პატიმრის, მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართავს.

ადვოკატ თორნიკე მიგინეიშვილის თქმით, საქმეზე ტექნიკური დეტალები დარჩა გასავლელი და ის, სავარაუდოდ, კვირის ბოლოს გაიგზავნება.

ადვოკატის თქმით, სტრასბურგის სასამართლოში განხილული იქნება როგორც პირველ წარდგენაზე გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის საკითხი, ასევე, შემდგომში უკვე გადახედვის დროს ანალოგიური გადაწყვეტილების მიღების საკითხი, როცა ანდრო ჭიჭინაძე სხვა ბრალდებულებთან ერთად უკანონოდ დარჩა პატიმრობაში.

"ანდრო ჭიჭინაძის საქმე აღკვეთის ნაწილში გაიგზავნება სტრასბურგის სასამართლოში, სადაც განხილული იქნება როგორც აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის საკითხი, ასევე შემდგომში გადახედვის დროს ანალოგიური გადაწყვეტილების მიღების საკითხი, როცა ანდრო ჭიჭინაძე სხვა ბრალდებულებთან ერთად უკანონოდ დარჩა პატიმრობაში.

პირველ რიგში, ეს იქნება მეექვსე მუხლი, სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა, რადგან ვერ შეაფასა სასამართლომ ის საფუძვლები, რომლებიც უნდა შეეფასებინა, არ არსებობდა მიმალვის საფრთხე, არ არსებობდა მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე, არ არსებობდა მტკიცებულებების განადგურების საფრთხე, თუმცა სასამართლომ ყველა მათგანი დატოვა, როგორც საფრთხე, რომ აღკვეთის ღონისძიება გამოყენებულიყო და ამის საპასუხოდ ვხედავთ ჩვენ, რომ თვეებია გასული და წინ გამოძიება ვერ მიდის. ასევე, იქნება მეხუთე მუხლი გამოყენებული, რაც ითვალისწინებს თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის საკითხს, ასევე იქნება მე-18 მუხლი დაყენებული სასამართლოს წინაშე, რაც ნიშნავს იმას, რომ საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია და არსებობს სხვა პოლიტიკური მოტივაცია"- თქვა მიგინეიშვილმა.

ანდრო ჭიჭინაძე პროევროპულ აქციებზე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით 5 დეკემბერს დააკავეს და აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდეს. იანვარში სასამართლომ ჭიჭინაძის და კიდევ 10 დაკავებულის საქმე ერთ წარმოებად გააერთიანა და 11-ვე მათგანისთვის შეფარდებული პატიმრობა ძალაში დატოვა.

ბრალდებულებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით ედებათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.