
ორთაჭალაში განსაკუთრებული სისასტიკით მოკლული ახალგაზრდა კაცის, თამაზ მთივლიშვილის ოჯახის ადვოკატის თქმით, ორი ბრალდებული, რომლებმაც, სავარაუდოდ, საქართველო დატოვეს, ამნისტირებული ან შეწყალებული პირები არიან.
"ორივე პირი, რომელმაც დატოვა საქართველოს საზღვარი, ნასამართლევია და ჩვენი ინფორმაციით, მათ ახლახან დატოვეს საპატიმრო დაწესებულება. დასაზუსტებელია ეს არის ამნისტირებული თუ შეწყალებული პირი. ჩემი ინფორმაციით, ნარკოტიკულ დანაშაულზე იხდიდნენ სასჯელს. როგორც ვიცი ახლახან დატოვეს საპატიმრო", - ამბობს ადვოკატი TV პირველთან.
ყაველაშვილის ადმინისტრაცია ფაქტს უარყოფს.
22 წლის თამაზ მთივლიშვილის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ხუთ პირს, მათ შორის, ძებნაში მყოფ გიორგი პაპაშვილსა და ბაირამ ალი გუსეინოვს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე თამარ მახარობლიძემ მიიღო. მკვლელობა ორთაჭალაში, 18 თებერვალს მოხდა.
ოთხ ბრალდებულებს - ვერიკო კაპანაძეს, ლუკა გვენეტაძეს, საბა რობაქიძეს და ბაირამ ალი გუსეინოვს პროკურატურა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება.
გიორგი პაპაშვილს კი განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობას. დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული პირებიდან სამი, საქმის მთავარ ფიგურანტად სწორედ გიორგი პაპაშვილს ასახელებს.