ადვოკატი ჯიოშვილზე: არაპროპორციული ძალის გამოყენების გამო ხელზე აქვს სისხლჩაქცევა

ადვოკატი ჯიოშვილზე: არაპროპორციული ძალის გამოყენების გამო ხელზე აქვს სისხლჩაქცევა

ადვოკატი თორნიკე მიგინეიშვილი წერს, რომ ტვ პირველის ოპერატორის, ლაშა ჯიოშვილის დაკავებისას არაპროპორციული ძალა გამოიყენეს, რის გამოც მას მარცხენა ხელზე აქვს სისხლჩაქცევა.

გარდა ამისა, მიგინეიშვილი ამბობს, რომ ჯიოშვილს საკუთარი უფლებები არ გააცნეს და სამმართველოში მიყვანამდე არ იცოდა, რატომ იყო დაკავებული. ასევე, არ დაარეკინეს ადვოკატთან და ოჯახთან.

"მოსთხოვეს ტელეფონის გახსნა. სახალხო დამცველის წარმომადგენელმა დააფიქსირა ოქმში რომ სამართალდამცავების მიერ ლაშას მისამართით იყო მუქარა. დაკავებისას არაპროპორციული ძალის გამოყენების გამო მარცხენა ხელზე აქვს სისხლჩაქცევა. პ.ს. პირველივე წუთებიდან გადაყვანილი იყო მუხიანის სამმართველოში და ჩვენ მიერ არაერთი ზარის მიუხედავად გვატყუებდნენ რომ დაკავებული იქ არ იმყოფებოდა. პარალელურად, ლაშას ესმოდა ჩვენი ზარები"- წერს ადვოკატი და აქვეყნებს ლაშა ჯიოშვილის წერილს:

"მეგობრებო, პირველ რიგში, მადლობა. შედეგი მიღწეულია: "ბატონი" თავის დაბადების დღეზე შევაწუხეთ. ცეცხლი ოლიგარქიას. თქვენი შეშინებულის დედაც... მალე შევხვდებით" - წერს ჯიოშვილი.

გვიან ღამით ტვ პირველის ოპერატორი ლაშა ჯიოშვილი ნიღბიანმა პირებმა გაიტაცეს. შემთხვევა ელბაქიძის დაღმართის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ოპერატორს მანქანაში ძალის გამოყენებით სვამენ.

რამდენიმე საათის განმავლობაში ჯიოშვილის ადგილსამყოფელი უცნობი იყო. მოგვიანებით, ადვოკატებმა არაერთი მცდელობის შემდეგ გაარკვიეს, რომ ჯიოშვილი ზაჰესის წინასწარი დაკავების იზოლატორში ჰყავდათ გადაყვანილი.