საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს, რომელშიც განმარტავს, რომ სალომე ზურაბიშვილს კანონმდებლობით პირის მოქალაქეობის შეწყვეტისთვის არა შვიდი დღე, არამედ სამი თვის ვადა აქვს.
"საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით ვრცელდება არასწორი ინფორმაცია. განვმარტავთ: ერთ შემთხვევაში პირი ითხოვს მოქალაქეობის მინიჭებას, შენარჩუნებას ან მოქალაქეობიდან გასვლას. ამ მოთხოვნაზე იუსტიციის სამინისტროს უარყოფითი დასკვნის პრეზიდენტისთვის წარდგენიდან 7 დღეში ითვლება, რომ მოქალაქეს ეთქვა უარი, პრეზიდენტი აქტს არ გამოსცემს. მეორე, ანუ მოქალაქეობის შეწყვეტის შემთხვევაში, კანონის მიხედვით, პრეზიდენტს აქვს სამი თვის ვადა ბრძანებულების გამოსაცემად", - ნათქვამია განცხადებაში.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ეს განცხადება მოჰყვა ოპოზიციის მტკიცებას, რომლის მიხედვითაც, სალომე ზურაბიშვილს ოთარ ფარცხალაძის მოქალაქეობის შეწყვეტისთვის მხოლოდ ერთი კვირა აქვს.