WSJ: ტრამპი უკრაინისგან ყირიმის აღიარებასა და ნეიტრალური ზონის შექმნას მოითხოვს

WSJ: ტრამპი უკრაინისგან ყირიმის აღიარებასა და ნეიტრალური ზონის შექმნას მოითხოვს

The Wall Street Journal-ის ცნობით, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია უკრაინისგან რიგ დათმობებზე შეთანხმებას ითხოვს, რაც ომის დასრულების წინადადებების ნაწილია. ერთ-ერთი საკვანძო მოთხოვნაა ყირიმის რუსეთის ნაწილად აღიარება, ასევე – უარი ნატოში გაწევრიანებაზე და ნეიტრალური ზონის შექმნა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გარშემო.

გამოცემის ინფორმაციით, აღნიშნული წინადადებები უკრაინას 17 აპრილს, პარიზში გამართულ დახურულ შეხვედრაზე, ტრამპის ადმინისტრაციის მაღალი თანამდებობის პირებმა წარუდგინეს. იმავე დღეს, წინადადებები ევროკავშირის მაღალჩინოსნებსაც გააცნეს.

WSJ წერს, რომ შეერთებული შტატები ახლა კიევის პასუხს ელის, რომელიც, სავარაუდოდ, ლონდონში მიმდინარე კვირის ბოლოს აშშ-ის, უკრაინისა და ევროპის წარმომადგენელთა შეხვედრაზე გაჟღერდება. თუკი მხარეებს შორის პოზიციები ერთმანეთს დაემთხვა, შეთავაზებები შესაძლოა მოსკოვსაც წარედგინოს.

დასავლელი ოფიციალური პირების შეფასებით, უკრაინა განიცდის ზეწოლას, რათა ომის დასრულების მიზნით, აღნიშნულ პირობებს მიმდინარე კვირაში უპასუხოს.

ამავე კონტექსტში, 18 აპრილს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ თუკი მნიშვნელოვანი პროგრესი არ იქნება მიღწეული მომდევნო კვირებში, ვაშინგტონი შესაძლოა დროებით შეწყვიტოს მოლაპარაკებების პროცესში მონაწილეობა.