კონკურენციის ეროვნულ სააგენტოსა და USA2GEORGIA-ს შორის პირობითი ვალდებულების ხელშეკრულება გაფორმდა.
სააგენტო განმარტავს, რომ USA2GEORGIA-მ აიღო ვალდებულება, საქმიანობის შიდა პოლიტიკა შეცვალოს და იმ მომხმარებელთა უფლებები აღადგინოს, რომელთაც, სავარაუდოდ, მისი სავაჭრო პოლიტიკის შედეგად ზიანი მიადგა.
"USA2GEORGIA აიღო ვალდებულება - მომხმარებლებს, რომლებმაც 2022 წლის 25 ოქტომბრიდან 2023 წლის 25 იანვრის ჩათვლით ამანათები შეიძინეს, ტრანსპორტირების ღირებულება რეალური წონის მიხედვით დაუანგარიშდეს და ზედმეტად გადახდილი თანხა მომხმარებელს დაუბრუნდეს. მიუხედავად იმისა, მომხმარებელს ე.წ. "გადაფუთვის" სერვისი ჰქონდა თუ არა მონიშნული.
გადაწყვეტილება გავრცელდება მომხმარებლებზე:
მომხმარებლებს განაცხადის შევსება 2023 წლის 26 მარტის ჩათვლით შეუძლიათ.
შეთანხმება ეხება მათაც, ვინც USA2GEORGIA-ს საიტზე თავისი პროფილი უკვე გააუქმეს.
კონკურენციის სააგენტოს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმაად, USA2GEORGIA-მ ასევე აიღო ვალდებულება, მომავალში მომხმარებლებსა და მოვაჭრეს შორის დადებული ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვისა და ექსპედიციის შეთანხმებით გათვალისწინებული პირობების შეცვლის შემთხვევაში, მომხმარებლებს წინასწარ, ელექტრონული ფოსტისა და ე.წ. პირად ოთახში შეტყობინების გაგზავნის გზით, ინფორმაცია მკაფიოდ და გასაგებად მიაწოდოს.
"კონკურენციის ეროვნულ სააგენტოსა და მოვაჭრეს შორის გაფორმებული პირობითი ვალდებულების ხელშეკრულების ჯეროვნად არ შესრულების შემთხვევაში, სააგენტო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში იმოქმედებს"- ნათქვამია განცხადებაში.
კონკურენციის სააგენტომ Usa2Georgia-ს წინააღმდეგ საქმის შესწავლა გასულ თვეში დაიწყო. მომხმარებლები აცხადებენ, რომ Usa2Georgia-მ ამანათების წონის გამოთვლის წესი, მათი გაფრთხილების გარეშე, შეცვალა.
2022 წლის 15 ნოემბრამდე Usa2Georgia ამანათის ჩამოტანის ღირებულებას მხოლოდ რეალური წონით ითვლიდა. ცვლილების შემდეგ, ამანათის ღირებულების გამოთვლაში ყურადღება მის ზომებსაც ექცევა, რის გამოც, ხშირ შემთხვევაში, ამანათების ჩამოტანის საფასური მნიშვნელოვნად გაიზარდა.