TI: ეგვიპტეში საქართველოს დესპანი დეკლარაციაში არ ასახავს, რომ ოჯახი 20 კომპანიაში ფლობს წილს

TI: ეგვიპტეში საქართველოს დესპანი დეკლარაციაში არ ასახავს, რომ ოჯახი 20 კომპანიაში ფლობს წილს

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს (TI) ცნობით, სახელმწიფო უწყებებმა აჭარაში სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიები მისცეს კომპანიას, რომელსაც ფლობს და ხელმძღვანელობს ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის, მიხეილ თიგიშვილის ცოლი ნარგიზა ჭავჭანიძე.

TI წერს, რომ მიხეილ თიგიშვილი და მისი ცოლი ასევე, ჩართულნი არიან 20 კომპანიის საქმიანობაში, ფლობენ წილებს და ხელმძღვანელობენ მათ საქმიანობას, მაგრამ არცერთი მათგანის მონაწილეობა სამეწარმეო საქმიანობაში 2024 წელს შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში მას არ აუსახავს.

ორგანიზაციის თანახმად, მიხეილ თიგიშვილის ცოლმა ნარგიზა ჭავჭანიძემ კომპანია “დეენკა პრომაინინგი“ 2021 წლის 29 ივლისს დაარეგისტრირა. 12 დღის შემდეგ, 2021 წლის 10 აგვისტოს, სსიპ “მინერალური რესურსების ეროვნულმა სააგენტომ“ ამ კომპანიას 3-წლიანი ლიცენზია მისცა, რის საფუძველზეც ლიცენზიანტს ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა მახუნცეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე აჭარისწყალზე 111,440 კუბური მეტრი ქვიშა-ხრეშის მოპოვების უფლება ჰქონდა.

"ინერტული მასალის მოპოვების შედეგად, მიმდებარედ, მდინარე აჭარისწყალზე მოწყობილ ხიდის საძირკვლებს/საყრდენ ბურჯებს საფუძველი გამოეცალა და ასევე საფრთხე შეექმნა მაღალი ძაბვის გადამცემ ბოძებს.

ამის მიუხედავად, საქართველოს მთავრობამ, 2024 წლის 4 ივნისის #803 განკარგულებით, შპს “დეენკა პრომაინინგს“ 48%-ით, 165,000 კუბურ მეტრამდე გაუზარდა მოსაპოვებელი ქვიშა-ხრეშის თავდაპირველი მოცულობა, რის სანაცვლოდაც მან ბიუჯეტში საბოლოო ჯამში 236,739 ლარი უნდა გადაიხადოს.

ხსენებული დაზიანებული ხიდის მოსაწყობად ქედის მუნიციპალიტეტის მერიამ 2019 წელს 958,325 ლარი დახარჯა, რაც დუმბაძეების უბანში მცხოვრები მოსახლეობის ცენტრალურ გზასთან დამაკავშირებელი ერთადერთი საავტომობილო გზის შემადგენელი ნაწილია", - ნათქვამია ინფორმაციაში.

TI წერს, რომ მიხეილ თიგიშვილი მისი ცოლის კომპანიის მიერ ლიცენზიის მოპოვების დროს მუშაობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპის ქვეყნების სამმართველოს უფროსად, ხოლო 2022 წლიდან დღემდე ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანია.

TI წერს, რომ თიგიშვილებთანაა დაკავშირებული საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მზისგულში (ყოფილი ბოგდანოვკა) თავისუფალი ინდუსტრიული ზონის მოსაწყობად მთავრობის შერჩეული კომპანია – "ასი გრუპ ჯორჯია", რომლის 20%-იან წილს დესპანის შვილი, დურმიშხან თიგიშვილი ფლობს.

მთავრობის 2022 წლის დადგენილებით, კომპანიას დაევალა 1 117 450 კვ/მ-ზე საბაჟო-გამშვები პუნქტებისა და სხვა შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა. მთავრობამ თავისუფალი ეკონომიკური ზონის მოწყობის ვადა 2023 წელს 1 წლით გადაწია, თუმცა საჯარო რეესტრის მონაცემებიდან ჩანს, რომ ვალდებულება არც ამჟამადაა შესრულებული.

„ასი გრუპ ჯორჯია“, თავის მხრივ, დაკავშირებულია ნიდერლანდებში რეგისტრირებულ კომპანია „ასი გრუპ ჰოთელს ჯორჯიასთან“, რომლის დირექტორიც დურმიშხან თიგიშვილია, 100% წილის მესაკუთრე კი ეგვიპტის მოქალაქე – ხალედ მოჰამედ აბდელმონებ კანდილი. კანდილი, ცესკოს მონაცემებით, სწორედ თიგიშვილების მისამართზეა რეგისტრირებული.

TI-ის ცნობით, „ასი გრუფ ჰოთელს ჯორჯიამ” 2022 წელს აუქციონზე უკონკურენტოდ (ერთი ბიჯით) თითქმის 6 მილიონ ლარად შეიძინა წყალტუბოში მდებარე სანატორიუმი „მედეა“.

კიდევ ერთი კომპანია, რომელსაც 14-წლიანი ლიცენზია მისცა სსიპ “მინერალური რესურსების ეროვნულმა სააგენტომ“, არის "ფორვარდ მაინინგი". TI წერს, რომ ამ კომპანიის დამფუძნებელი და 42,5% წილის მფლობელი ილია ცანავა არის ეგვიპტეში საქართველოს დესპანის, მიხეილ თიგიშვილის შვილის, დურმიშხან თიგიშვილის ბიზნესპარტნიორი შპს “აიდი გლობალში“.

"შპს “ფორვარდ მაინინგმა” უფლება მიიღო, 114,595 კუბური მეტრი ბაზალტი მოიპოვოს ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვირიკეს მიმდებარე ტერიტორიაზე. ილია ცანავა ამვდროულად, 2014 წლიდან არის პრორუსული, ულტრამემარჯვენე, ძალადობრივი მოწოდებებით ცნობილი “ალტ-ინფოს“ ლიდერის, აშშ-ის მიერ სანქცირებული კონსტანტინე მორგოშიასა და მისი მამიდის, ციალა მორგოშიას, ბიზნესპარტნიორი შპს “გრანდე გრუპ ჯორჯიასა” და შპს “გრანდე გრუპ ჯორჯიაში", - ნათქვამია ინფორმაციაში.