
სოციალური სამართლიანობის ცენტრი ეხმაურება ქართული ოცნების მიერ მედიის შემზღუდავ კანონპროექტს და ამბობს, რომ ის მიმართულია მედიის, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებების წინააღმდეგ, ასევე, თანასწორობის და დისკრიმინაციის აკრძალვის უფლების წინააღმდეგ.
SJC-ს განცხადებით, დაინიცირებული კანონპროექტები საგანგაშოა და ის ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლით და საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებულ ფუნდამენტურ უფლებებს.
სოციალური სამართლიანობის ცენტრში ამბობენ, რომ მაუწყებელთა სანქცირება გამოყენებული იქნება ქვეყანაში მოქმედი კრიტიკული მედია საშუალებების ხმის ჩახშობისა და რეპრესიის მიზნით.
"24 თებერვალს, ,,ქართული ოცნების’’ დეპუტატებმა ,,მაუწყებლობის შესახებ’’ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ სამი საგანგაშო კანონპროექტი დააინიცირეს, რომლებიც არსებითად ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლით და საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებულ ფუნდამენტურ უფლებებს.
პირველი[1] და მეორე[2] კანონპროექტები მიმართულია მედიის, გაერთიანების, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებების წინააღმდეგ, მესამე კანონპროექტი[3] კი - თანასწორობის და დისკრიმინაციის აკრძალვის უფლების წინააღმდეგ.
წინამდებარე დოკუმენტში გაანალიზებულია კანონპროექტებით გათვალისწინებული ცვლილებები, მათ შორის, მათი შინაარსი, მოქმედების ფარგლები და მიმართება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებთან.", წერია განცხადებაში.
ქართულმა ოცნებამ ერთპარტიულ პარლამენტში მედიის შესაზღუდად და ცენზურის დასაწესებლად ახალი კანონის მიღება 5 თებერვალს დააანონსა.
24 თებერვალს არალეგიტიმური, ერთპარტიული პარლამენტის ბიუროს სხდომაზე მედიის შესაზღუდად და ცენზურის დასაწესებლად "მაუწყებლობის შესახებ" კანონში ცვლილებები დაინიცირდა.
ცვლილებები, რომელიც ოცნებას მედიის შესაზღუდად ინიცირებულ კანონპროექტში შეაქვს - რა იზღუდება.