
ქართული ოცნების არალეგიტიმური, ერთპარტიული პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დღეს მედიის შესაზღუდად და ცენზურის დასაწესებლად "მაუწყებლობის შესახებ" კანონში ცვლილებები დაინიცირდა.
Interpressnews კანონპროექტზე დაყრდნობით წერს, რომ ცვლილებების თანახმად, "აიკრძალება მაუწყებლის მიერ უცხოური ძალისგან პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების - ფულადი თანხის ან ქონებრივი ღირებულებების სხვა მატერიალური სიკეთის მიღება".
გარდა ამისა, კანონპროექტიდან ირკვევა, რომ იკრძალება "უცხოური ძალის მიერ მაუწყებლის მომსახურების შესყიდვა, ასევე პროგრამის მომზადების, გადაცემის პირდაპირი ან ირიბი დაფინანსება ან თანადაფინანსება"
ამასთან, კანონს ემატება ნორმა, რომლის მიხედვითაც, "დაუშვებელი იქნება მაუწყებლის მიერ სოციალური რეკლამის განთავსების სანაცვლოდ პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების მიღება".
5 თებერვალს არალეგიტიმური პარლამენტის უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ აპირებენ მედიის შესახებ კანონპროექტის მიღებას. მისი მტკიცებით, ამით "დადგინდება მედიის ობიექტურობის, ასევე ჟურნალისტიკური ეთიკის სტანდარტები, განისაზღვრება მათი მონიტორინგის და დაცვის ინსტიტუციური მექანიზმები. შეიზღუდება მედიასაშუალების დაფინანსება უცხოური წყაროებიდან".