Reuters: თურქეთში საპროტესტო აქციებზე შვედი ჟურნალისტი დააკავეს

Reuters: თურქეთში საპროტესტო აქციებზე შვედი ჟურნალისტი დააკავეს

თურქეთში გამართულ საპროტესტო აქციებზე შვედი ჟურნალისტი, კაი ჯოაკიმ მედინი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Reuters-ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ჟურნალისტი თურქეთში სტამბოლის მერის, ექრემ იმამოღლუს დაკავების შემდეგ დაწყებული საპროტესტო აქციების გასაშუქებლად ჩავიდა.

ანკარის პროკურატურის მტკიცებით, მედინს ბრალი ედება „პრეზიდენტის შეურაცხყოფასა“ და „ტერორისტულ ორგანიზაციაში წევრობაში“.

მათივე თქმით, მედინი იმ 15 ეჭვმიტანილს შორის იყო, რომლებიც იდენტიფიცირებულნი არიან დემონსტრაციის ორგანიზებასა და ხელშეწყობაში.

ცნობისთვის, მანამდე, 27 მარტს, თურქეთიდან BBC-ის ჟურნალისტი, მარკ ლოუენი გააძევეს. ის სტამბოლის მერის, ექრემ იმამოღლუს დაკავების შემდეგ გამოწვეულ საპროტესტო აქციებს აშუქებდა. ლოუენის გაძევების მიზეზად სახელდება, რომ ის "საფრთხეს წარმოადგენს საზოგადოებრივი წესრიგისთვის".

ექრემ იმამოღლუ 19 მარტს დაააკვეს. 23 მარტს წინასწარი პატიმრობა კორუფციის ბრალდების გამო მიუსაჯეს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ კი უფლებამოსილება შეუჩერა.

სტამბოლის პროკურატურის განცხადებით, რომელსაც სახელმწიფო სააგენტო Anadolu ავრცელებს, იმამოღლუსა და მის გარემოცვას დანაშაულებრივი ორგანიზაციის წევრობას, გამოძალვას, ქრთამის აღებასა და თაღლითობას ედავებიან.

იმამოღლუს მხარდამჭერები მის დაკავებას პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევენ და თურქეთის მთავრობის მიერ ოპოზიციაზე ზეწოლის ნაწილად აღიქვამენ. მათი აზრით, ეს ქმედება მიზნად ისახავს პრეზიდენტ ერდოღანის ყველა შესაძლო კონკურენტის ჩამოშორებას მომავალი საპრეზიდენტო არჩევნების წინ.

ამასთან, 28 მარტს, თურქეთში სტამბოლის დაკავებული მერის, ექრემ იმამოღლუს ადვოკატი, მეჰმედ ფეჰლივანი დააკავეს.