
"ოცნების" პროკურატურაში ბრიფინგზე განაცხადეს, რომ ჩატარდა ივანიშვილის ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნების, ყოფილი პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის, სუს-ის ყოფილი ხელმძღვანელის, გრიგოლ ლილუაშვილისა და ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის სახლების და პირადი ჩხრეკა.
უწყებაში ასევე თქვეს, რომ მსგავსი ღონისძიებები ჩატარდა აღნიშნულ მაღალჩინოსნებთან დაკავშირებულ კიდევ 8 პირთან მიმართებაში.
მათივე ცნობით, ამოღებულია "სხვადასხვა ელექტრული მოწყობილობა, დოკუმენტაცია და დიდი ოდენობით ფულადი თანხა."
"განსაკუთრებით მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან და სისხლის სამართლის საქმეების მნიშვნელობიდან გამომდინარე, მსურს, საზოგადოებას მივაწოდო შემდეგი ინფორმაცია. საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ და სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტებში სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დღეს დილის 10:00 საათიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით, ერთდროულად, 22 ლოკაციაზე მასშტაბური ღონისძიება ჩატარდა.
ერთობლივი ღონისძიების ფარგლებში განხორციელდა, საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, გრიგოლ ლილუაშვილის, ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის და მათთან დაკავრებული სულ 8 პირის საცხოვრებელი ბინების-სახლების და პირადი ჩხრეკები.
ამოღებულია სხვადასხვა ელექტრული მოწყობილობა, დოკუმენტაცია და დიდი ოდენობით ფულადი თანხა. ხსენებულ საქმეებზე აქტიურად ტარდება საგამოძიებო, საპროცესო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები", - განაცხადეს პროკურატურაში.