POG: 21 წლის გიორგი ახალაიას მკვლელობაში ბრალდებულს ბრალდება წარედგინა

POG: 21 წლის გიორგი ახალაიას მკვლელობაში ბრალდებულს ბრალდება წარედგინა

პროკურატურის ცნობით, თბილისში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა. საუბარია 21 წლის გიორგი ახალაიას მკვლელობის საქმეზე.

გიორგი ახალაია 16 მარტს ღამით მოკლეს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 16 მარტს, თბილისში, რიყის პარკში მდებარე „ბარი სახელოსნოს” მიმდებარე ტერიტორიაზე ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკებისას დაზარალებულს დანით ჭრილობა მიაყენა. მიყენებული დაზიანების შედეგად დაზარალებული საავადმყოფოში გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.