ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) წევრ ქვეყნებს მოუწოდა ვლადიმერ პუტინი არალეგიტიმურად ცნონ, მისი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ და რუსეთი დიქტატურად გამოაცხადა. ინფორმაციას PACE ავრცელებს.
შესაბამისი რეზოლუცია წევრმა ქვეყნებმა ერთხმად მიიღეს. ამავე რეზოლუციის მიხედვით, PACE გამოდის მოწოდებით, რომ [ქვეყნებმა] პუტინთან ყველანაირი კონტაქტი გაწყვიტონ, გარდა ჰუმანიტარული კონტაქტებისა და მშვიდობისკენ მოწოდების.
ასამბლეაში ხაზს უსვამენ იმას, რომ პუტინი ხელისუფლების სათავეში არის 2000 წლიდან - როგორც პრეზიდენტი ან პრემიერმინისტრი. რუსეთის კონსტიტუციაში 2020 წლის ივლისში შესული ცვლილებებით, პუტინმა შესაძლო მმართველობის ვადა 2036 წლამდე გაიხანგრძლივა, რაც ასამბლეის აზრით, შეშფოთებას იწვევს.
PACE-ში ამბობენ, რომ ეს ქვეყანაში გაზრდილი რეპრესიებისა და რუსეთის უკრაინაში ქმედებების ფონზე ხაზს უსვამს პრეზიდენტის უკონტროლო ძალაუფლების ფასს.
"პრეზიდენტის დომინანტურმა ძალაუფლებამ, რომელიც ხელისუფლებაში ძალიან ხანგრძლივი დროით ყოფნის შედეგია, და ასევე ნებისმიერი ტიპის შეკავების/ბერკეტის არარსებობამ, როგორიც არის ძლიერი პარლამენტი, დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა, თავისუფალი მედია და აქტიური სამოქალაქო საზოგადოება, რუსეთისგან ფაქტობრივად დიქტატურა შექმნა", - წერია რეზოლუციაში.
ასამბლეის თქმით, დიქტატორული რეჟიმები "წარმოადგენენ საფრთხეს მსოფლიო მშვიდობისთვის და უსაფრთხოებისთვის, ასევე ტერიტორიული მთლიანობისთვის და მეზობელი სახელმწიფოების პოლიტიკური დამოუკიდებლობისთვის. ამავე კონტექსტში ასამბლეამ უკრაინაში რუსეთის ქმედებებზე ისაუბრა.
პარლამენტარებმა აღნიშნეს, რომ რუსეთში დემოკრატიის აღდგენა არ არის მხოლოდ რუსული ერის ინტერესებში, არამედ ევროპისა და მთელი მსოფლიოს ინტერესშიცაა.
რეზოლუციის მიღებისთვის უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ PACE-ს მადლობა გადაუხადა.
"PACE-ს დღევანდელ რეზოლუციას მივესალმები, რომელიც რუსეთს დიქტატურად აღიარებს. 20 წელზე მეტია, არაკონსტიტუციურმა, ერთპიროვნულმა მმართველობამ ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ დანაშაულები გამოიწვია", - თქვა კულებამ.