
New York Times წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი გეგმავს, მომავალ კვირას ვლადიმირ პუტინს შეხვდეს, რის შემდეგაც, ამავე გეგმის მიხედვით, ტრამპს, პუტინსა და ზელენსკის შორის სამმხრივი შეხვედრა უნდა გაიმართოს.
გამოცემის წყაროების ცნობით, ეს გეგმა აშშ-ის ლიდერმა ევროპული სახელმწიფოების მეთაურებთან სატელეფონო საუბრისას განიხილა, რომლებმაც მას მხარი დაუჭირეს.
ამ ეტაპზე უცნობია, თანახმა არიან თუ არა რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტები აღნიშნულ გეგმაზე, თუმცა, როგორც New York Times წერს, აღნიშნულ სატელეფონო საუბარს ზელენსკის ესწრებოდა, რომელმაც ომის დასრულებასთან დაკავშირებით მკვეთრი პოზიცია გამოხატა.
ცნობისთვის, როგორც წყარომ გამოცემას გაუმხილა, სატელეფონო საუბარში ასევე მონაწილეობდნენ გაერთიანებული სამეფოს ლიდერი კირ სტრამერი, გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი, NATO-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯ.დ. ვენსი, სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ ვიტკოფი.
შეგახსენებთ, რომ დღეს სტივ ვიტკოფსა და ვლადიმირ პუტინს შორის მოსკოვში შეხვედრა შედგა, რომელთან დაკავშირებითაც ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ შეხვედრაზე "დიდი პროგრესი იქნა მიღწეული."
"ჩემს სპეციალურ წარმომადგენელს, სტივ ვიტკოფს, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ძალიან პროდუქტიული შეხვედრა ჰქონდა. დიდი პროგრესი იქნა მიღწეული! ამის შემდეგ მე ჩვენი ევროპელი მოკავშირეების ნაწილს მივაწოდე ინფორმაცია. ყველა თანხმდება, რომ ეს ომი აუცილებლად უნდა დასრულდეს და ჩვენ ამისკენ მომდევნო დღეებსა და კვირებში ვიმუშავებთ", - წერს ტრამპი.