The New York Times-ის წყაროს ინფორმაციით, რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის ზელმიხან ხანგოშვილის მკვლელში, ვადიმ კრასიკოვში გაცვლა განიხილებოდა.
დასავლელი ოფიციალური პირი, რომელიც მოლაპარაკებებს იცნობს, გამოცემას ეუბნება, რომ გაცვლის გზით ნავალნის გათავისუფლების შესაძლებლობების შესახებ დისკუსიები მიმდინარეობდა. თუმცა იგი უარყოფს ნავალნის გუნდის მტკიცებას, რომ მოლაპარაკება ფინალურ ეტაპზე იყო გადასული.
კორუფციასთან ბრძოლის ფონდის ხელმძღვანელი და ნავალნის თანამებრძოლი, მარია პევჩიხი აცხადებს, რომ ნავალნის და კიდევ ორი ამერიკელის გაცვლა ვადიმ კრასიკოვზე იგეგმებოდა, რომელიც გერმანიაში ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისთვის იხდის სასჯელს. მიიჩნევა, რომ კარასიკოვი რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ოფიცერია და მკვლელობაც შეკვეთილი იყო.
NYT-სთან დასავლელი ოფიციალური პირი ამბობს, რომ ნავალნის გარდა მოლაპარაკებები ეხებოდა The Wall Street Journal-ის ჟურნალისტ ევან გერშკოვიჩსა და პოლ უილანს. ორივე მათგან რუსეთი ჯაშუშობაში სდებს ბრალს. როგორც წყარო აღნიშნავს, შეთანხმება გარდაუვალი არ ჩანდა და გაურკვეველი იყო, თანახმა იყვნენ თუ არა რუსეთი და გერმანია ამ გაცვლაზე.
"ფორმალური შეთავაზება არ ყოფილა, მაგრამ ადრეული განხილვები ამ საკითხზე მიმდინარეობდა", - ამბობს წყარო.
რუსი ოპოზიციონერის პრესსპიკერი, კირა იარმიში ამბობს, რომ თვითონ ნავალნი არ იყო ინფორმირებული მოლაპარაკებების დეტალების შესახებ, თუმცა იცოდა, რომ განიხილებოდა მისი პოტენციური გათავისუფლება პატიმრების გაცვლის გზით.
"მას ესმოდა, რომ რაღაც მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, მაგრამ დეტალები არ იცოდა", - აღნიშნა ირამიშმა.
ამასთან კრემლში ამტკიცებენ, რომ ნავალნის გაცვლის მოლაპარაკებების შესახებ არაფერი იციან.
"ჩემთვის არაფერია ცნობილი მსგავსი შეთანხმებების შესახებ", - განაცხადა პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა.
მარია პევჩიხი ამტკიცებს, რომ ალექსეი ნავალნი მოკლეს, რათა თავიდან აეცილებინათ მისი გაცვლა FSB-ს ოფიცერზე, ვადიმ კრასიკოვზე. როგორც ის ვიდეომიმართვაში ყვება, 15 თებერვალს მან მიიღო დასტური იმაზე, რომ მოლაპარაკებები ფინალურ სტადიაზეა.
პევჩიხი ამბობს, რომ ნავალნის კრასიკოვზე გაცვლის იდეა ვლადიმირ პუტინს ბიზნესმენმა რომან აბრამოვიჩმა შეატყობინა.