ნიდერლანდების პრემიერმინისტრი მარკ რუტე NATO-ს მომდევნო გენერალური მდივანი იქნება მას შემდეგ, რაც ალიანსის 32-ვე ქვეყანა მის კანდიდატურას დათანხმდა.
უნგრეთისა და სლოვაკეთის მხრიდან დასტურის შემდეგ, ხუთშაბათს რუმინეთმა განაცხადა, რომ რუტეს უჭერდა მხარს. რუმინეთის პრეზიდენტმა კლაუს იოჰანისმა კი NATO-ს გენერალურ მდივნობაზე თავისი კანდიდატურა მოხსნა.
რუტე NATO-ს გენერალური მდივანი საკმაოდ კრიტიკულ მომენტში ხდება. თანამდებობას ის 2 ოქტომბერს დაიკავებს, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ერთი თვით ადრე. არჩევნების შედეგები მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს სამხედრო ალიანზე. ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამბობს, რომ NATO-ში დარჩება, თუმცა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შემცირების პირობა დადო. ამას ემატება უკრაინაში მიმდინარე რუსული შეტევა და დაძაბულობა ახლო აღმოსავლეთში.
რუტემ თავისი სურვილის შესახებ, გამხდარიყო NATO-ს გენერალური მდივანი, გასული წლის ნოემბერში გაამჟღავნა. მას თავიდანვე ალიანსის წევრების დიდმა ნაწილმა დაუჭირა მხარი.
2014 წლიდან NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგია. თუმცა 2017-ში წევრი სახელმწიფოები შეთანხმდნენ, რომ უფლებამოსილების ვადა 2020 წლის სექტემბრისთვის გაეხანგრძლივებინათ, ამ თარიღმა კი 2019 წელს კიდევ ორი წლით გადაიწია. უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო იენს სტოლტენბერგს თანამდებობაზე ყოფნის ვადა რამდენჯერმე გაუხანგრძლივეს.