ISW: უკრაინელი სამხედროები ბახმუტის მიმართულებით წინ მიიწევენ

ISW: უკრაინელი სამხედროები ბახმუტის მიმართულებით წინ მიიწევენ

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ცნობით, უკრაინელი სამხედროები ბახმუტის მიმართულებით წინ მიიწევენ.

"უკრაინელი სამხედროები შეტევით ოპერაციებს აგრძელებენ და ბახმუტის მიმართულებით წინ მიიწევენ. ერთ-ერთი რუსი სამხედრო მეთაურის თქმით, უკრაინულმა ძალებმა სრულად განდევნეს რუსული ჯარები ანდრიივკადან, ბახმუტიდან სამხრეთ-დასავლეთით 10 კილომეტრში, თუმცა ჯერჯერობით, არ არსებობს ვიზუალური დადასტურება იმისა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სოფელი გაათავისუფლეს", - აცხადებს ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი.

ამერიკელი სამხედრო ექსპერტების თქმით, რუსეთის ჯარებმა ქალაქ ბახმუტში შეტევა განახორციელეს, თუმცა იქ წარმატებას ვერ მიაღწიეს. ამასთან, ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ რუსი სამხედროები ავდიივკა-დონეცკის ხაზზე შეზღუდულ შეტევით ოპერაციებს ახორციელებენ და წინ ვერ მიიწევენ.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ფრონტზე 30-ზე მეტი საბრძოლო შეტაკება მოხდა. გენერალური შტაბის თქმით, კლიშივკას მიმართულებით სასტიკი ბრძოლები ახლაც გრძელდება.